ბიზნეს სექტორს, ყოველდღიურ რეჟიმში, უფრო და უფრო მეტად სჭირდება ციფრული სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევების პასუხი. შესაბამისად, მსგავსს გარემო პირობებში, წარმოუდგენელია კომპანიის წარმატებული და ეფექტიანი ფუნქციონირება ისეთი გუნდის გარეშე, როგორიცაა IT ოპერაციები და სერვისის მიწოდება. უფრო მეტიც, IT-ის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ორგანიზაციის განვითარება და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობა. სწორედ ამიტომ, ალბათ, არც გაგიკვირდებათ, რომ TNET-ის ციფრულ ეკოსისტემაში IT გუნდი ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი სტრუქტურული ერთეულია.
როგორც წესი, IT ოპერაციების გუნდთან TNET-ის თითოეულ წევრს აქვს გარკვეული გადაკვეთა. ზოგადად კი, იმისათვის, რომ უკეთ გაგაცნოთ ამ დეპარტამენტის საქმიანობა გეტყვით რომ IT გუნდი ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
- ოპერაციების მართვა, რომელიც ორგანიზაციის შიგნით არსებულ სერვისებს წარმართავს (მაგ. active directory, mail system და სხვა).
- იმ პროცესების მართვა, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება თავისი სერვისი უწყვეტად და უსწრაფესად მიიტანოს მომხმარებელთან.
იქიდან გამომდინარე, რომ IT ოპერაციების გუნდს ძალიან საპასუხისმგებლო და საკმაოდ კომპლექსური სამუშაო აქვს, დეპარტამენტი რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულადაა ჩაშლილი, სადაც დასაქმებული პროფესიონალები შემდეგ მიმართულებებს აერთიანებენ:
- DevOps ინჟინრები;
- სისტემური ადმინისტრატორი;
- ინფრასტრუქტურის არქიტექტორი;
- ქსელის არქიტექტორი;
- Database ადმინისტრატორი;
- და, რა თქმა უნდა, IT მხარდაჭერის გუნდი.
“TNET, როგორც თანამედროვე კომპანია, ჰიბრიდულ მიდგომას იყენებს. კომპანიაში არსებობს როგორც ქლაუდ სერვისები, ასევე ე.წ. on premise, რაც ნიშნავს, რომ გუნდის შიგნით არსებობს კომპეტენცია ამ ყველაფრის მართვისათვის. აღსანიშნავია, ისიც, რომ გუნდი შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. გუნდის წევრები, რომლებიც კომპანიის გარეთ მომხმარებლებისათვის მისაწოდებელ სერვისებზე ზრუნავენ და გუნდის წევრები, რომლებიც კომპანიის შიგნით, შესაბამის სამუშაო გარემოს ქმნიან თანამშრომლებისთვის. “ – გიორგი წიქარიშვილი, IT ოპერაციების გუნდის ლიდერი.
როგორც გუნდის წევრები ამბობენ, იქიდან გამომდინარე, რომ ციფრულ სამყაროში ყველაფერი თვალის დახამხამებაში იცვლება, IT ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ სიახლებისათვის ფეხის აწყობა და ყოველთვის “up to date” მდგომარეობის შენარჩუნებაა.
“ჩვენი გუნდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველი დღე რაღაც სიახლეებითაა დატვირთული. TNET-ის პროდუქტების სიმრავლე განაპირობებს იმას, რომ თითქმის ყოველდღე პატარ-პატარა გამოწვევების დაძლევა გვიწევს. თუმცა, ამ პრობლემების აღმოჩენა და შემდეგ, მოგვარება, გუნდის ცნობიერებას ზრდის.”
IT გუნდის წევრებისთვის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი დღეები, როცა რაიმე სიახლეს ეცნობიან, ასეთ დროს, სამუშაო დღე კიდევ უფრო წარმატებული ხდება, რადგან შემდეგ ნასწავლი მეთოდების დანერგვასა და შესაბამისად კომპანიის განვითარებაზე მუშაობენ.
“ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და დანერგვა არსებულ გარემოში, საკმაოდ დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს. მითუმეტეს, მაშინ როცა პარალელურად არსებულ სერვისებს უწყვეტად ვინარჩუნებთ. უწყვეტობასთან ერთად, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სისტემების მდგრადობის შენარჩუნებაა”.
გუნდს წარმატებულ ფუნქციონირებაში ორი მთავარი ღირებულება ეხმარება: პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობა, ის გარემო, სადაც არავის ერიდება თქვას, რომ რაღაც არ იცის, რადგან გუნდის თითოეული წევრი მზადაა დაეხმაროს და გაუზიაროს ცოდნა.