როგორ ამცირებს მდგრადი UX და პროდუქტის დიზაინი გარემოზე ზემოქმედების კვალს? 

როდესაც დიზაინერები საუბრობენ მდგრადობაზე, დიალოგი უმეტესად პროდუქტის შეფუთვის ან ენერგოეფექრტური შენობების ირგვლივ ტრიალებს. ციფრული პროდუქტები კი იშვიათად თუ გვაგონდება.

რეალურად კი, ციფრული გამოცდილება, თავისი არსით, ფიზიკურია. თითოეული ჩვენი ინტერაქცია მოწყობილობებს, ქსელებსა და მონაცემთა ცენტრებს შორის მოგზაურობს. ნებისმიერი დამატებითი სურათი, ანიმაცია, ფონური სინქრონიზაცია, თუ ავტომატურად ჩართვადი ვიდეო შესაბამის ენერგიას მოიხმარს. ამიტომაც, როდესაც ფართო სურათს შევხედავთ და მასშტაბს გავითვალისწინებთ, UX გადაწყვეტები გარემოზე ზემოქმედების გადაწყვეტებად იქცევა. 

მდგრადი დიზაინი ტრენდი ან ნიშსპეციალიზაცია სულაც არ არის, არამედ კარგი პროდუქტდიზაინის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ზედმეტი ციფრული რესურსის საჭიროების შემცირებას, სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას და ამა თუ იმ დიზიანის კონკრეტული მიზნით შექმნას ისახავს.

ის, რა საფასურსაც გარემო ციფრული პროდუქტების არამდგრადობის შედეგად იხდის, ხშირად, აბსტრაქციის მიღმა იმალება. თუმცა, საკმარისია ერთხელ მაინც შევავლოთ თვალი ციფრებს, რომ ყველაფერი ცხადი გახდება: 

2030 წლისთვის, ნავარაუდებია, რომ მონაცემთა ცენტრების მიერ ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც გამოწვეულია ციფრული სერვისებისა და AI სისტემების ფართოდ გამოყენებით. გასათვალისწინებელია, რომ ეს ხდება სამყაროში, სადაც მხოლოდ 2022 წელს, 62 მილიონ ტონაზე მეტი ელექტრონული ნარჩენი წარმოიქმნა, რომლის მხოლოდ მეოთხედი ნაწილი თუ გადამუშავდა.

შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა: დიზაინერები ხომ არ ირჩევენ, საიდან მიეწოდება ენერგია სერვერებს? თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ დიზაინზეა დამოკიდებული:

  • რამდენი მონაცემი გადაიცემა;
  • რამდენად ხშირად მიმდინარეობს გამოთვლები;
  • რამდენ ხანს არიან მომხმარებლები აქტიურები;
  • რამდენად სწრაფად „ბერდება“ მოწყობილობა.

სწორედ აქ, იწყება UX-ისა და პროდუქტის დიზაინის როლი მდგრადობასა და გარემოზე ზემოქმედების კვალის შემცირებაში.

როგორია მდგრადი დიზაინი რეალობაში?

მდგრადი დიზაინი, პროდუქტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ზედმეტი ციფრული დატვირთვის შემცირებას გულისხმობს, რაც ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ძირითადი პრინციპების გამოყენებას, რომლებიც რეალურად პოზიტიურობისკენ ცვლიან გარემოზე ზემოქმედების ნიშნულს და ამავე დროს, აუმჯობესებენ სამომხმარებლო გამოცდილებას: 

ზომიერება და გააზრებული დიზაინი

ერთი შეხედვით, შესაძლოა ასეც ჩანდეს, თუმცა ზომიერება ვიზუალურ მინიმალიზმს სულაც არ ნიშნავს, არამედ მისი ამომავალი წერტილია, რომ თითოეული შექმნილი ელემენტი რაღაც გამართლებულ მიზანს ემსახურებოდეს. ამიტომაც, მდგრადი დიზაინის შექმნისას, აუცილებელია დავსვათ შემდეგი შეკითხვები:

  • არის თუ არა ეს ელემენტი რეალური ღირებულების მატარებელი?
  • ამართლებს თუ არა ეს ინტერაქცია თავის ხარჯს?

უფრო გასაგები რომ გახდეს, ჩვენი მსჯელობის პრაქტიკული მაგალითები იქნებოდა: 

  • სურათებისა და მედიის ოპტიმიზაცია დიდი ზომის ასეტების გამოყენების ნაცვლად;
  • ფონტების რაოდენობისა და წონის შეზღუდვა;
  • მარტივი UI-ისთვის მძიმე დიზაინ სისტემების თავიდან არიდება;
  • მესამე მხარის სკრიპტებისა და ტრეკერების შემცირება. 

შედეგად, ეს მიდგომა აუმჯობესებს ვებგვერდისა და აპლიკაციის ჩატვირთვის სიჩქარეს, ამცირებს ენერგომოხმარებას და ზრდის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით უფრო ნელი და ძველი მოწყობილობების შემთხვევაში. 

ეფექტიანი გამოთვლები და უხილავი პროცესების შემცირება

ფონური განახლებები, მუდმივი სინქრონიზაცია, ავტომატური ვიდეოები და გადაჭარბებული ანიმაციები ქმნის უწყვეტ გამოთვლით დატვირთვას როგორც სერვერებზე, ასევე მომხმარებლის პირად მოწყობილობებში. მაშინ, როცა მდგრადი UX გულისხმობს:

  • მოვლენებზე დაფუძნებულ განახლებებს მუდმივი polling-ის ნაცვლად;
  • ანიმაციას, რომელიც განმარტავს და არა უბრალოდ „ამშვენებს“;
  • მომხმარებლის ქმედებაზე დამოკიდებულ მკაფიო პროცესებს. 

აღნიშნული კომპონენტების გათვალისწინება, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნაკლები გამოთვლის საჭიროება თავისთავად ნიშნავს უფრო ხანგრძლივ ბატარეის რესურსს და სტაბილურ სისტემებს. 

გრძელ სასიცოცხლო ციკლზე ორიენტირებული დიზაინი

ტექნოლოგიის სექტორში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი, რომელიც გარემოს აზიანებს, გაჯეტების ხშირი ჩანაცვლებაა. ვინაიდან, როდესაც ამა თუ იმ პროდუქტის გაშვება/ჩატვირთვა უახლეს მოწყობილობებს ითხოვს, სწრაფად ცლის ბატარეას და თუნდაც, აღარ მუშაობს ძველ სისტემებზე, სწორედ ეს პროცესები აჩქარებს და უზრუნველყოფს ელექტრონული ნარჩენების (e-waste) ზრდას. ამიტომაც, დიზაინი, რომელიც მდგრადია, გრძელ ვადაში გულისხმობს: 

  • ძველი მოწყობილობებისა და OS-ების მხარდაჭერას;
  • მძიმე ვიზუალური ეფექტების შეზღუდვას;
  • სტაბილურობის დაპრიორიტეტებას, ვიზუალური „განახლების“ ნაცვლად;
  • ინტერფეისებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ფუნქციონალურობას არ კარგავს. 

საბოლოოდ, რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები აზროვნებაში ხდება, რა დროსაც, მდგრადი დიზაინი აუცილებლად სვამს კითხვებს: 

შესაძლებელია, თუ არა იგივე სამომხმარებლო გამოცდილება ნაკლები რესურსით მივიღოთ? 

ამარტივებს თუ არა არსებული ინტერფეისი პროცესს, თუ უბრალოდ ვიზუალურ ეფექტს ქმნის? 

კონკრეტული ფუნქციონალი ენერგიის მოხმარებას ამცირებს, თუ ზრდის? 

როგორც ხედავთ, როდესაც დიზაინი მიზნად ბალანსს, სიცხადესა და გრძელვადაში გამოყენებადობას ისახავს, მდგრადობა მის ბუნებრივ შედეგად იქცევა და შესაბამისად, მცირდება ადამიანის გარემოზე ზემოქმედების კვალიც. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს, რომ ციფრულ სერვისებსა და მოწყობილობებზე შეუქცევადი მოთხოვნის ზრდის პირობებში, UX და პროდუქტის დიზაინერებს, მსუბუქი და გააზრებული პროდუქტების შექმნით, რეალური გავლენა შეუძლიათ მოახდინონ. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები