ყველა ბილეთი ერთ სივრცეში – ამ გზავნილით, ბილეთების ციფრულ ბაზარზე TKT.GE რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. და მომხმარებელს კინოს, კონცერტის, ავტობუსის, ფრენის, რკინიგზის, თეატრის ბილეთების მარტივად შეძენის ალტერნატივა შესთავაზა. ეტაპობრივად, ბრენდი განვითარდა და გადაწყვიტა, რომ ვიზუალური სტილის გადახალისების დროა. განახლებულ ვიზუალურ იდენტობაზე ბრენდისა და პროდუქცის დიზაინერმა ერეკლე ინაშვილმა იმუშავა და მარკეტერის მკითხველს პროექტზე მუშაობის დეტალები გაუზიარა.
M: როგორი იყო პროექტის მიზანი და რებრენდინგის კონცეფცია?
ამ პროექტის მთავარი მიზანი იყო, გაგვეძლიერებინა TKT.GE არსებული ლიდერი ბრენდი და ახალი სიცოცხლე მიგვეცა მისთვის. ჩემი დაკვირვებით, ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელსაც სააგენტოები, გნებავთ, ცალკეული პროფესიონალები უშვებენ რებრენდინგის დროს, არსებული იდენტობის ერთი ხელის მოსმით დანგრევა და მისი სრულიად ახლიდან, ცარიელ ადგილზე შენებაა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც ეს სტრატგეიულად მართებულია და ძველზე უარის თქმა ერთგვარი მოცემულობაა.
ჩვენ შემთხვევაში, აუცილებლად მივიჩნიეთ შეგვენარჩუნებინა, ცნობადობა რომელიც ბრენდმა წლების მანძილზე დააგროვა, რაც ძირითადად მის ფერებში გამოიხატება. აუცილებლად აღნიშნვის ღირსია მისი სწორად შექმნილი მოკლე და სხარტი ნეიმინგი TKT.GE სახით, რაც მისი იდენტობის დიდი ნაწილია. ამაზე თავის დროზე ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა, ამ სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა იმუშავეს.
M: რა იყო პროექტისა და ბრენდისთვის გამოწვევა, არსებულ ეტაპზე?
ისევე, როგორც უმეტესი ბრენდის შემთხვევაში, წლების განმავლობაში დგება ეტაპი, როდესაც ბრენდი იზრდება და აღარ ეტევა მის პირვანდელ საზღვრებში, საჭირო ხდება ვიზუალურ იდენტობაში სისტემური მიდგომა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც TKT.GE-ს უამრავ არხსა და მედიუმში გამოიყენება, ერთი მხრივ, მან უნდა უზრუნველჰყოს კონსისტენტურობა (ერთიანობა), მეორე მხრივ, ადეკვატურობა იმ განსხვავებული სამყაროებისთვის, როგორიც არის სპორტი, კონცერტი, თეატრი და თუნდაც, რკინიგზა. გარდა ამისა, მისი ლოგოტიპი უნდა იყოს მკაფიოდ კითხვადი და მყარად იდგეს ნებისმიერ ზომასა და სიტუაციაში, შავ-თეთრ და ფერად სამყაროებში, მაშინ, როდესაც ბევრი განსხვავებული უდგას გვერდით. ჩვენ თითეულ სეგმენტს მივანიჭეთ საკუთარი ფერების კომბინაცია და გამოყენების პრინციპები.
M: რა არის მომდევნო ნაბიჯები, რაც რებრენდინგს მოყვება?
შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპია ვიზუალური იდენტობის სწორი იმპელემენტაცია და ყოველდღიურობაში მისი მართვა. ერთია შექმნა იდენტობა, მეორე კი მისი რეალობაში გატარებაა, რაც ხშირად, მართვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
სრული პროექტის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
მომზადებულია Marketer.ge-ის მიერ