ცირკულარული ეკონომიკა ელექტრონული ნარჩენების გლობალური გამოწვევის საპასუხოდ 

ელექტრონული მოწყობილობების (მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა 

ციფრული მოწყობილობები) ნარჩენები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ნარჩენების კატეგორიაა, რომელიც ყოველწლიურად, დაახლოებით 2 მილიონი ტონით იზრდება – ეს დაახლოებით 9,000 თავისუფლების ქანდაკების ეკვივალენტია. მხოლოდ 2019 წელს, დაახლოებით 53 მილიონი ტონა ელექტრონული ნარჩენი (ფოტოვოლტაიკური პანელების გამოკლებით) შეიქმნა, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 74 მილიონ ტონას გადააჭარბებს. უფრო მეტიც, ელექტრონული ნარჩენების 80%-85%-ის ფორმალურად შეგროვება ან განსაზღვრა სათანადოდ არ/ვერ ხდება, რაც ნიშნავს, რომ რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა. 

ელექტრონული ნარჩენების რეციკლირების გამოწვევები

  • რეციკლირების ინფრასტრუქტურის ნაკლებობა – არსებული ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები, სწრაფი ურბანიზაცია და შეზღუდული ინსტიტუციური და ადამიანური რესურსები აფერხებს რეციკლირების მასშტაბის ზრდას. 
  • მაღალი ხარჯები და რეციკლირების სირთულეები – ისეთი მასალების აღდგენა, როგორიცაა გერმანიუმი და ინდიუმი – რთულია, რადგან მოწყობილობებში მსგავსი მასალები მრავალი კომპონენტის სახითაა განაწილებული და მათი მარტივად დაშლა შეუძლებელია. ლითიუმის ბატარეები დამატებით სირთულეებს ქმნის, რადგან რეციკლირების ინფრასტრუქტურა ვერ ეწევა ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და მოწყობილობების სხვადასხვა ზომას. 
  • დაბალი რეციკლირების მაჩვენებლები – გლობალურად ელექტრონული ნარჩენების მხოლოდ 17.4% რეალურად გადამუშავდება. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირდება ნარჩენების არასათანადო მართვის პრაქტიკის გამო, როდესაც ელექტრონული ნარჩენები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად იყრება.
  • რეგულაციების აღსრულება – შეგროვების, დაშლისა და გადამუშავების მკაფიოდ დადგენილი სტანდარტების არარსებობა ხელს უშლის ელექტრონული ნარჩენების ეკოლოგიურად მდგრად მართვას. 

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ნარჩენების რეციკლირების გამოწვევები მკაფიო და მასშტაბურია, მსოფლიო თანხმდება, რომ ცირკულარული ბიზნეს მოდელების დანერგვა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებისთვის შექმნან რეალური საზოგადო ღირებულება, შეამცირონ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა და გაზარდონ საკუთარი კომპანიის მომგებიანობა.

ცირკულარული ეკონომიკის ბიზნეს მოდელების დანერგვა

მსოფლიოში არსებული ეკონომიკური სისტემები ბუნებრივი რესურსების მუდმივ მიწოდებას ეყრდნობიან, რის შედეგადაც ფორმირდება “take – make – use – dispose” სწორხაზოვანი მოდელი. ცირკულარული ბიზნეს მოდელები კი, თავის მხრივ, მიზნად ისახავენ პროდუქტული და სერვისული სისტემების განახლებას, რათა ბიზნეს შესაძლებლობები და საბაზრო კონკურენტუნარიანობა გააუმჯობესონ. ცირკულარული ეკონომიკის მოდელების დანერგვა კომპანიებისათვის არა მხოლოდ ახალი ფინანსური და ბიზნეს შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, არამედ ხელს უწყობს გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებასაც. იმისათვის, რომ დღეს ცირკულარული ეკონომიკისაგან რეალური სარგებელი შექმნან და ელექტრონული ნარჩენების კრიტიკული გამოწვევების გადაჭრა შეძლონ, კომპანიებს შეუძლიათ ქვემოთ მოცემული სამი ალტერნატიული ბიზნეს მოდელი დანერგონ:

1. საზიარო ეკონომიკის მოდელი 

საზიარო ეკონომიკის მოდელი შემოსავლის გამომუშავებას პროდუქტების გაყიდვის ნაცვლად, სერვისების მიწოდების გზით უწყობს ხელს. ეს მოდელი ცვლის მწარმოებლისა და მომხმარებლის ურთიერთობებს და ხელახალი გადაფასების წყალობით, ტრადიციულ ღირებულებათა ჯაჭვს არღვევს. მაგალითად, კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონიკის “იჯარით გაცემა”; როგორც კი მოწყობილობა სიცოცხლის მაქსიმალურ ხანგრძლივობას მიაღწევს, მწარმოებელი გადაამუშავებს, შეაკეთებს და აღადგენს მოწყობილობას. 

2. PAAS (პროდუქტი, როგორც სერვისი) მოდელი 

კიდევ ერთი ეფექტური ცირკულარული ბიზნეს სტრატეგიაა PAAS მოდელი. ამ სცენარში, მომხმარებელი ელექტრონული პროდუქტის გამოსაყენებლად შესაბამის საფასურს იხდის, თუმცა არ ფლობს მას. PAAS „საფასურზე დაფუძნებული“ მოდელის წყალობით, მწარმოებელს ეძლევა სტიმული, აწარმოოს უფრო სიცოცხლისუნარიანი და არაცვეთადი პროდუქტები, რომლებიც საბოლოოდ, გადამუშავებისა და თავიდან გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

3. პროდუქტის საკუთრების მოდელი

საბოლოოდ, კომპანია შესაძლოა დარჩეს პროდუქტის ტრადიციული საკუთრების მოდელში, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავად ჰქონდეს სრული კონტროლი პროდუქტის სასიცოცხლო ციკლზე, ანუ სრულად ფლობდეს მას. განსხვავებით საზიარო ეკონომიკისა და PAAS მოდელებისგან, ამ შემთხვევაში, მწარმოებელი კარგავს სტიმულს შექმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც ხელს უწყობს PLE (Product Line Engineering) და DFR (Designed to Recycle) პრინციპების დანერგვას — რაც ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპია. თუმცა, ამ ბიზნეს მოდელის გამოყენებისას, კომპანიებს შეუძლიათ მომხმარებლის სტიმულირება იმისათვის, რომ მათ დააბრუნონ უკვე გამოყენებული პროდუქცია ხელახალი გადამუშავებისათვის და ამ გზით, შესაძლოა დაინერგოს ყიდვა – შეკეთება – გაცვლის (trade-in) პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს სწორი გადამუშავების პრაქტიკებს და გააფართოებს აღდგენილი მეტალების მეორად ბაზრებს. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები