თინეთის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც ადამიანების ციფრულ სივრცეში ადაპტაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად კომფორტულ თანაცხოვრებას ხელშესახებსა და შესაძლებელს ხდიან. ამ გამოწვევებითა და საინტერესო თავგადასავლებით სავსე გზაზე, ერთი რამ, რაც თინეთის ნებისმიერ გუნდში დაფასებული და ღირებულია, არის ცოდნის მუდმივი განახლების, მიღებისა და გაცემის მოთხოვნილება, რითაც იკვებება და იზრდება ამ ციფრული ეკოსისტემის თითოეული წევრი და რაც, საბოლოოდ, მთლიან საზოგადოებასაც წინსვლასა და წარმატებისაკენ სწრაფვაში ეხმარება.
სწორედ ამიტომ, დღეს, იმ ადამიანებს გაგაცნობთ, რომლებიც მზად არიან თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ მსურველებს და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალი პროფესიონალების შექმნაში:
“ჩემი პროფესიული გზა გრაფიკული დიზაინიდან იწყება და ციფრული პროდუქტების დიზაინით გრძელდება. ჩემთვის, პროდუქტის დიზაინი მეტად საინტერესო და კომპლექსური სფეროა, სადაც მომხმარებლის ყველა საჭიროებას ვითვალისწინებთ, ვართ ემპათიურები და ვფიქრობთ ადამიანის მიერ განვლილ ყველა შესაძლო გზასა თუ ემოციაზე. მას შემდეგ, რაც ამ სფეროში აღმოვჩნდი, ყოველი ახალი დღე განვითარების ახალ შანსად მიმაჩნია”. – ნიკა გოგუაძე, UX/UI Designer.
ნიკა ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ვებგვერდების არქიტექტურით და შესაბამისად, შეისწავლიდა მათ ლოგიკას. პარალელურად, ძალიან აინტერესებდა რედიზაინის პროცესიც, რამაც მისი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესება გამოიწვია და საბოლოოდ, განათლებაცა და კარიერაც ამ სფეროს დაუკავშირა.
“სამუშაო გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, დავრწმუნდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თავად მომხმარებელია, ვინაიდან ვერ იარსებებდა კარგი ან ცუდი დიზაინ გამოცდილება, რომ არა მომხმარებლის უკუკავშირი და მასზე დაყრდნობით მუდმივი განვითარება. ამასთანავე, ჩემთვის პრიორიტეტია დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გავუზიარო, რასაც Geolab-ში თიბისის განათლების პროგრამისა და USAID-ის დაფინანსებით შექმნილი პროექტის ფარგლებში ვახერხებ. უკვე მესამე წელია, რაც UI/UX დიზაინს ვასწავლი და ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა, როდესაც შესაძლებლობა გეძლევა სტუდენტს დაეხმარო, განავითარო და მის ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.”
როდესაც საქმე ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს ეხება, როგორიც მენტორობაა, მნიშვნელოვანია, რომ მზად იყო ყოველდღიური გამოწვევების გამკლავებისა და ახალი მიდგომების დანერგვისთვის. როგორც ნიკა ჩილინდრიშვილი გვიყვება, თანამედროვე სამყაროში გამოწვევებიც განსხვავდება იმისაგან, რაც აქამდე ვიცოდით:
“დღევანდელ რეალობაში, როდესაც ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება, დიდი გამოწვევაა რომ ყოველთვის ბოლომდე მომზადებული მიხვიდე ლექციაზე და უპასუხო ათობით სტუდენტის კითხვებს, დაეხმარო სწორი გადაწყვეტების პოვნაში და რაც მთავარია, მზად იყო, რომ შენც მუდამ რაღაც ახალი ისწავლო. გარდა ამისა, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ლექციაზე/ტრენინგზე გაცემული ინფორმაციის/რჩევის მიხედვით ეს ადამიანები პრაქტიკაში იღებენ გადაწყვეტილებებს და მნიშვნელოვანია სწორად მიაწოდო და გაააზრებინო თითოეული საკითხი. ” – ნიკა ჩილინდრიშვილი, Chief Product Officer.
როგორც ნიკა გვიყვება, 2013 წლიდან ატარებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს და უკვე 2 წელია, რაც იქომერს აკადემიაში ასწავლის. ამ პერიოდის განმავლობაში, 300-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა მისი კურსი. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდხნიანი სამენტორო გამოცდილება დაუგროვდა, მზადაა თინეთის გუნდის ნებისმიერ წევრს დაეხმაროს ისეთ საკითხებზე ცოდნის გაღრმავებაში, რომლებიც მის კომპეტენციაშია, მაგალითად, გადახდის მეთოდები, ტექნოლოგიები და პროექტების მართვა.
ციფრულმა რეალობამ, ახალ გამოწვევებთან ერთად, ისეთი ახალი და ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი სფეროებიც შემოიტანა, როგორიცაა ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი ან, თუნდაც, იქომერს დეველოპმენტი, რა მიმართულებითაც ნებისმიერ მსურველს გიორგი კალანდია გაუწევს დახმარებას:
“ყველაზე რთულია გქონდეს უნარი ადამიანს მისთვის გაუგებარ ენაზე ისე ესაუბრო, რომ ყველაფერი გააგებინო. ციფრულ მარკეტინგში ბევრი ტექნიკური სახელწოდებაა და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ინფორმაცია ისე გადასცე, რომ მას შენი საუბარი ესმოდეს და შენგან სწავლა შეეძლოს. ვფიქრობ, ჩემი სამენტორო გამოცდილება იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ შემიძლია გუნდის ნებისმიერ წევრს საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, ჩემი ცოდნა ისე გავუზიარო, რომ მან მიღებული ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენება და ათვისება შეძლოს, რაც ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო და საამაყო მომენტია.” – გიორგი კალანდია, Digital Marketing Lead.
გიორგი უკვე სამი წელია ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ასწავლის და 450-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. მისთვის, განსაკუთრებით სასიამოვნოა პროცესი, როცა ცოდნას აზიარებს და ხედავს, რომ მის მიერ გაზიარებულ საკუთარ გამოცდილებას სხვისთვის ნამდვილად დადებითი შედეგი მოაქვს.