TNET-მა 2023 წელი საინტერესო ნაბიჯებით დაიწყო: TNET-მა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტს ელ. კომერციის სექტორის განვითარების მიმართულებით. USAID-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ელ. კომერციის სექტორის განვითარებას. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, TNET-ი და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ითანამშრომლებენ საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციასთან.
თანამშრომლობა, პირველ რიგში, მიზნად ისახავს ელ. კომერციის სექტორის მიმართ სანდოობის ზრდას. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მხარს უჭერს საქართველოში ელექტრონული კომერციის რეფორმას და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს და თანამშრომლობას ეკონომიკური რეფორმების პროცესში.
როგორც ცნობილია, ამ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც წლის განმავლობაში მრავალ სხვადასხვა აქტივობასაც გულისხმობს, იგეგმება მარეგულირებელი და თვითრეგულირებადი მექანიზმების დანერგვა ელ. კომერციის ინდუსტრიაში. მსგავსი ცვლილებები დაეხმარება ცნობიერების ამაღლებას არა მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლებში, არამედ სამომხმარებლო ბაზარზეც. შედეგად, შესაძლებელი იქნება ონლაინ სივრცეში არსებული უსაფრთხოების რისკების აღმოფხვრა ან მინიმუმამდე შემცირება.
„TNET საქართველოში ბიზნესსაქმიანობის განვითარებას ისახავს მიზნად. მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ელ. კომერცია. იმისათვის, რომ ელ. კომერციის სექტორში, არა ერთი, არამედ უამრავი წარმატებული ბიზნესმოდელი ვიხილოთ, საჭიროა, როგორც ბიზნესი, ასევე მომხმარებლები ფლობდნენ ინფორმაციას განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, ასეთია, მაგალითად, ონლაინ არსებული უსაფრთხოების რისკები და სხვა. რაც მთავარია, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ელ. კომერცია სულ რამდენიმე წელია, რაც ფეხს იკიდებს, პირველ რიგში, აუცილებელია ამ სექტორის მიმართ სანდოობისა და მხარდაჭერის ზრდა“. – გიორგი ჩუმაშვილი, TNET-ის დირექტორი.
TNET-ისა და USAID-ის შეთანხმება განსაკუთრებით საინტერესოა დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან TNET-ი საკუთარ გამოცდილებას ელ. კომერციის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს ღიად გაუზიარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამასთან ერთად, TNET-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პლატფორმები დაეხმარებიან მცირე და საშუალო ბიზნესს გააცნონ თავიანი ბიზნესი კიდევ უფრო მეტ ადამიანს და მოიზიდონ ახალი მომხმარებლები. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნატალია ბერუაშვილი, აცხადებს: „პროგრამა აქტიურად უჭერს მხარს ელ. კომერციის რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სექტორში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და შუალედური მომსახურების მიმწოდებლების უფლება-მოვალეობების განსაზღვრას.სფეროს რეგულირების და რისკებისგან გადაზღვევის შედეგად მივიღებთ ქვეყანაში ელექტრონული კომერციის და ზოგადად მეწარმეობის შემდგომ განვითარებას, საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებას და შესაბამისი კულტურის დამკვიდრებას, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის სავაჭრო იმიჯზე, მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. TNET-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასახული მიზნების მისაღწევად “.