როგორ შეცვალა ადამიანის ქცევა ონლაინ პლატფორმის გამოჩენამ?

მას შემდეგ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა შემოაბიჯა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, დროისა მანძილის გაქრობასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩვენი ქცევებიც ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა საყიდლებზე სიარული, მოგზაურობის დაგეგმვა, სახლის შეძენა, ახალი ავტომობილის მოძიება და სხვა. ამ ბლოგში, სწორედ ამ ცვლილებების შესახებ მოგითხრობთ და მის დადებით და უარყოფით მხარეებს განვიხილავთ. 

საყიდლები

ადრე, სანამ ელექტრონული კომერცია შეიქმნებოდა, უმეტესად, მხოლოდ ისეთი ნივთების შეძენა შეგვეძლო, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იყო გავრცელებული. ამიტომაც, ხშირად ნახავდით ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ ხიბლად, უცხო ადგილების მონახულებასთან ერთად, სწორედ მათთვის სასურველი ნივთებისა და პროდუქტების შეძენას ასახელებდნენ. დღეს, მსგავსი საზღვრები აღარ არსებობს, რამაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან სასურველი ნივთების შეძენა და მიღება საგრძნობლად გაამარტივა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა გაყიდვები სხვადასხვა ბრენდისა და კატეგორიის პროდუქციაზე. 

გარდა ამისა, თუ წარსულში აუცილებელი იყო მოვრგებოდით ფიზიკური მაღაზიის სამუშაო საათებს და ჩვენი გეგმები სწორედ ამაზე აგვეწყო, დღეს, შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან ვიშოპინგოთ, რისი დახმარებითაც თავისუფალ დროს ვუთმობთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად, ოჯახის წევრებთან ერთად დროის ხარისხიანად გატარებას, დასვენებას და სხვა.

 დროის ამგვარად დაზოგვა განსაკუთებით შესამჩნევია ისეთი ყოველდღიური მოხმარების საგნებზე, რომლის შეძენაც საისამოვნო პროცესზე მეტად, გარდაუვალი რუტინაა, მაგალითად, სახლის მოვლის პროდუქტები (დეტერგენტები, ხელსახოცები და სხვა). ბევრი ელექტრონული კომერციის მოდელი ადამიანებს სთავაზობს ყოველთვიური გამოწერის გეგმის (subscription model) გააქტიურებას, რასაც ყველაზე ხშირად სწორედ მსგავსი მოხმარების პროდუქტებისთვის იყენებენ. 

მიუხედავად უამრავი დადებითისა, ხშირად ისეც ხდება, რომ ინტერნეში უკონტროლოდ გავცრელებული არაავთენტური ვებგვერდების დამსახურებით ადამიანები თაღლითობის მსხვერპლი ხდებიან. სწორედ ამიტომ, ონლაინ შესყიდვისას, მნიშვნელოვანია კარგად დააკვირდეთ რამდენად სანდო ვებგვერდით სარგებლობთ და პირადი მონაცემები არასოდეს შეიყვანოთ ისეთ ველში, რომლის ავთენტურობაშიც დარმწუნებული არ ხართ. 

გართობა 

როდესაც საქმე დროის სასიამოვნოდ გატარებას ეხება, მაგალითად, საყვარელი მომღერლის კონცერტზე დასწრება, თეატრში ნანატრი პიესის ნახვა, მეგობრებთან ერთად კინოსეანსის დაჯავშნა ან თუნდაც, ფესტივალზე წასვლა, დღეს ეს ყველაფერი უკვე სახლიდან გაუსვლელად ონლაინ შეგვიძლია დავგეგმოთ. მაშინ, როცა წარსულში თითოეული ღონისძიების ბილეთის შესაძენად აუცილებლად კონკრეტულ ლოკაციაზე უნდა მოვხვედრილიყავით, ახლა ჩვენი კომფორტის ზონის დატოვებაც კი არ გვიწევს. ამან განაპირობა ის, რომ ადამიანები უფრო მარტივად აორგანიზებენ თავიანთ სამომავლო გეგმებს და შეუძლიათ რამდენიმე კვირით ან თვით ადრეც კი დაზუსტებით იცოდნენ სად, როდის და როგორ მოხვდებიან. ბილეთების შეძენის გაციფრულება განსაკუთრებით კომფორტულია მაშინ, როცა სასურველი ღონისძიება საზღვარგარეთ ტარდება, ვინაიდან უკვე ზუსტად იცი, რომ უცხო ქვეყანაში ჩასულს ბილეთის შეძენის პრობლემა არ გემუქრება და ყველაფერი წინასწარ მოგვარებული გაქვს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ადამიანები მეტ დროს უთმობენ მათთვის სასიამონო აქტივობებზე დასწრებას და შესაბამისად, აგროვებენ ახალ გამოცდილებებსა და მოგონებებს. 

გარდა დადებითი მხარეებისა, ზოგჯერ, ვაწყდებით ისეთ დაბრკოლებებსაც, როცა ბილეთები ძალიან სწრაფად იყიდება და ამიტომაც, ზოგჯერ სასურველზე ბევრად ადრე გვიწევს თადარიგის დაჭერა. ასევე, ბილეთების ონალაინ ხელმისაწვდომობამ გაზარდა შავი ბაზრის წილი და გადამყიდველების საქმიანობა გაააქტიურა. 

უძრავი და მოძრავი ქონება

დღეს, უძრავი ქონებისა და ავტოტრანსპორტის ქირაობითა და შეძენით დაინტერსებულ ადამიანებს რთულად თუ წარმოადგენინებ როგორი იყო ცხოვრება მაშინ, როცა სასურველი ბინის, აგარაკისა, თუ მანქანის მოძებნა მხოლოდ სანაცნობოში გაკითხვის, შესბაამისი აგენტების დაქირავებისა და ფიზიკური ვიზიტის საშუალებით შეეძლოთ. ის დრო და ენერგია, რაც ახალი სახლის ან ავტომობილის მოსაძებნად იყო საჭირო, თაამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით მინიმუმამდეა დაყვანილი. 

3D ფოტოგადაღების წყალობით, უკვე ისიც კი შესაძლებელია, რომ სასურველი უძრავი ქონება ვირტუალურად დავათვალიეროთ და ისევე ნათლად აღვიქვათ, როგორც ფიზიკური ვიზიტისას. ეს გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება და საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გავფილტროთ ისეთი სახლები, რომელიც ჩვენს გემოვნებასა და ინტერესებში არ ჯდება. გარდა ამისა, ბინისა და ავტომობილის ქირაობის ვებგვერდი დიდ დახმარებას გვიწევენ მაშინ, როცა დასასვნებელად სხვა ქალაქში ან თუნდაც ქვეყანაში მივდივართ. 

უძრავი და მოძრავი ქონების ძიების გაციფრულებამ ადამიანების ქცევა მნიშვნელოვნად შეცვალა და დღეს ყოველდღიურად უფრო და უფრო ცოტა ადამიანს შეხვდებით ფიზიკურ ავტობაზრობებზე უბრალოდ ავტომობილის მოსაძიებლად წასულს. ასევე, ნაკლებად ნახავთ ისეთ ადამიანსაც, რომელიც ბინას პირდაპირ ფიზიკური ვიზიტის საშუალებით ეძებს. მსგავსმა სერვისებმა ადამიანებს არჩევნის მრავალფეროვნება დაანახა და შესბაამისად, მეტად გაწონასწორებული და მათთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მისცა. 

რაც შეეხება ონლაინ პლატფორმების უარყოფით მხარეებს, როგორც საყიდლებისას, ბინისა თუ ავტომობილის ქირაობისასაც დიდი სიფრთხილე გვმართებს. იმისათვის, რომ თაღლითობისგან დაიცვათ თავი, საჭიროა კარგად გადაამოწმოთ ინფორმაცია ვებგვერდის სანდოობის შესახებ და თუ შესაძლებელია, გაეცნოთ კონკრეტული ვენდორის შეფასებებსაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები