ბლოკჩეინი მუდმივად მზარდი ყველაზე სანდო და უსაფრთხო მონაცემთა ბაზაა, რაც განპირობებულია იმით, რომ იგი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ კომპიუტერულ ქსელებს შორისაა განაწილებული. ბლოკჩეინი ინფორმაციას ელექტრონულად, ციფრულ ფორმატში ინახავს. ადამიანების უმრავლესობისთვის, ეს ტექნოლოგია კრიპტოვალუტასთან ასოცირდება, ვინაიდან ბლოკჩეინ ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კრიპტოვალუტის სისტემებში მიმდინარე ტრანზაქციების დეცენტრალიზაციასა და დაცულობაში.
რით განსხვავდება ბლოკჩეინი ტიპური მონაცემთა ბაზისაგან?
ტიპურ მონაცემთა ბაზასთან შედარებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პირველი განმასხვავებელი არის ის, თუ როგორ არის მისი ბაზა სტრუქტურირებული. ბლოკჩეინი ინფორმაციას ჯგუფებად აგროვებს, რომელთაც ბლოკები ეწოდებათ და მათი მოვალეობა ინფორმაციის კომპლექტების შენახვაა. ამ ბლოკებს გარკვეული ტევადობა გააჩნია. მაქსიმალური ტევადობის შევსებისთანავე, ბლოკი იკეტება და უკავშირდება მის წინარედ შევსებულ მსგავს ბლოკს. ეს პროცესი, საბოლოოდ, ქმნის მონაცემთა ჯაჭვს, რასაც ჩვენ ბლოკჩეინს ვუწოდებთ. ყოველი ახალი ინფორმაცია და მონაცემი, რომელიც სისტემაში ახლად დამატებული ბლოკის შემდეგ დაფიქსირდება, გარდაიქმნება ახალ ბლოკად და შევსების შემდეგ, ისიც ჯაჭვის ნაწილი ხდება.
როგორც წესი, ჩვეულებრივი მონაცემთა ბაზა მასში შემავალ მონაცემებს ცხრილებად აწყობს, ხოლო ბლოკჩეინი, როგორც ამას სახელიც გვკარნახობს, მასში შემავალ მონაცემებს ერთმანეთზე მიბმულ ბლოკებად გარდაქმნის.
მონაცემთა ეს სტრუქტურა, დეცენტრალიზებულ გარემოსთან იმპლემენტაციისას, არსებითად ქმნის მონაცემთა შეუქცევად დროით ხაზს: როდესაც ბლოკი შეივსება, იგი მაშინვე ჯაჭვის დროითი ხაზის ნაწილი ხდება. ჯაჭვში შემავალ თითოეულ ბლოკს კი ზუსტი დროის ნიშნული აქვს მინიჭებული. ბლოკჩეინის მიზანი ციფრული ინფორმაციის ჩაწერა და განაწილებაა, თუმცა არა რედაქტირება. სწორედ ამიტომ, მასში მოხვედრილი მონაცემების ცვლილება, წაშლა ან განადგურება – შეუძლებელია.
რას გულისხმობს დეცენტრალიზაცია?
მარტივად რომ ვთქვათ, დეცენტრალიზაციის წყალობით ბლოკჩეინში მოთავსებული ინფორმაცია არ ინახება ერთ კონკრეტულ ცენტრალურ ადგილას. ამის ნაცვლად, ბლოკჩეინი კოპირებული და განაწილებულია კომპიუტერულ ქსელებში მთელი მსოფლიოს გარშემო. ყოველი ახალი ბლოკის დამატებისას, ქსელში შემავალი ყველა კომპიუტერი განაახლებს მასში არსებულ ბლოკჩეინს და ასახავს შესაბამის ცვლილებას. ინფორმაციისა და მონაცემების ქსელში განაწილებით და არა მისი ერთ ცენტრალურ ადგილას დაკავებით, ამ ტექნოლოგიის ნებისმიერი ტიპის ხელყოფა ძალიან რთული ხდება.
ტოკენიზაცია
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას გაგვიგზავნია ფოტო ინტერნეტის საშუალებით. თუ სოციალურ ქსელებს არ იყენებთ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილები მაინც გაგახსენდებათ. ასე რომ, როდესაც ინტერნეტის საშალებით ელექტრონულ ფოსტას გზავნით, სისტემის ძირითადი ტექნოლოგია ამზადებს თქვენი მეილს ეგზემპლიარს და გზავნის მიმღებთან. ამ გზით, გამგზავნსაც და მიმღებსაც ელექტორნული ფოსტის საკუთარი ასლი აქვთ. შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის მიმღებსაც და გამგზავნსაც არსებული მეილის გადაგზავნა სასურველი რაოდენობის ადამიანთან იმდენჯერ შეუძლიათ, რამდენჯერაც ამას მოინდომებენ. თუმცა, თუ გავიხსენებთ ტრანზაქციას, რომელსაც ინტერნეტით ფულის გადაგზავანა ჰქვია, მაშინვე მივხვდებით, რომ ამ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის მოდელი არ მუშაობს.
სწორედ ამ დროს, საქმეში ფინანსური ინსტიტუტები და ბანკები, ანუ შუამავლები, ერთვებიან და ფულის ტრანზაქციას ინტერნეტის მეშვეობით უზრუნველყოფენ. თუმცა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოჩენასთან ერთად, ნელ-ნელა ეს მიდგომებიც იცვლება და შესაბამისად, შუამავლის როლი და საჭიროება მცირდება. დღეს, შუამავლის გარეშე ინტერნეტით ფულის გაგზავნის ერთ-ერთ გზას ტოკენიზაცია ეწოდება.
ტოკენიზაცია არის აქტივებისა და საკუთრებაზე არსებული უფლებების ციფრულ ფორმად გარდაქმნის პროცესი. ტოკენიზაციის დახმარებით, შესაძლებელია უხილავი და ხილული აქტივები ციფრულ ტოკენებად აქციოთ.
ტოკენების საშუალებით შესაძლებელია უფლებების მითითება ისეთ ხელშესახებ აქტივებზე, როგორიცაა ხელოვნების ნიმუში, ან ისეთ უხილავ აქტივებზე, როგორიცაა კომპანიის წილი ან ხმის მიცემის უფლება. ტოკენიზაცია შესაძლოა ნებისმიერი ისეთი რამისთვის, რაც ღირებულად ითვლება.
ტოკენები შესაძლოა გამოვიყენოთ:
- აქტივებზე საკუთრების უფლების გადასაცემად;
- გადახდებისა და სხვა ფინანსური დავალებებისათვის.
ტოკენიზაციის კარგი მაგალითია ბიტკოინი, პოპულარული კრიპტოვალუტა, რომელიც ტოკენებს იმის წარმოსადგენად იყენებს, თუ რამდენ ბიტკოინს ფლობს ადამიანი.
თავდაპირველად, ტოკენიზაცია დაიწყო როგორც მონაცემთა ბაზის უსაფრთოხების ტიპი ბიზნესებისთვის, რომელიც ანაცვლებდა სენსიტიურ ინფორმაციას უნიკალური, არასენსიტიური მონაცემებით. ტოკენები არ შეიცავენ ორიგინალ მონაცემებს, მაგრამ როგორც წესი, აქვთ მსგავსი მახასიათებლები ან ფორმატირება.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა ორიგინალი მონაცემების ნახვა შეძლოს, მას სჭირდება წვდომა იმ ტოკენებთან, რომლებსაც ცალკეულად შენახულ ორიგინალებთან აქვთ კავშირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ შეძლებს ტოკენის გაშიფვრასა და მონაცემების ნახვას. შესაბამისად, ტოკენი ოპტიმალური გამოსავალია პერსონალური მონაცემების, ფინანსური ტრანზაქციებისა და სხვა სენსიტიური მონაცემების უსაფრთხოებისთვის.
ტოკენიზაციის უპირატესობები
ტოკენიზაციას მრავალი უპირატესობა აქვს. მათ შორის კი, აღსანიშნავია:
- აქტივების დაყოფადობა და ლიკვიდურობა;
- სწრაფი და იაფი ტრანზაქციები;
- გამჭვირვალობა.
უფრო ვრცლად რომ განვმარტოთ, ტოკენიზაციას შეუძლია გააუმჯობესოს ლიკვიდურობა, ფინანსური ტრანზაქციები გახადოს უფრო მოსახერებელი და დაგვეხმაროს საკუთრების უფლებების დაცვაში. იმის გათვალისწინებით, რომ ტოკენებით ვაჭრობა ტრადიციულ საინვესტიციო ბაზარზე სულაც არ ხდება, მომხმარებლებს შეუძლიათ თავიდან აირიდონ ბევრი ბიუროკრატიული პროცესი, რომელიც ტრადიციული ტიპის ინვესტირებასა და დიდი აქტივების შეძენას უკავშირდება. მაგალითად, იმ ტოკენის შეძენა, რომელიც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას წარმოადგენს, ბევრად უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე არატოკენიზირებული ქონების შეძენა.
შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პროცესებში მიმდინარე ფაზები შევამციროთ, საშუალებას გვაძლევს აქტივებში ინვესტირებისათვის საჭირო ზოგადი დანახარჯები შევკვეცოთ და დავზოგოთ მნიშვნელოვანი დრო. დამატებით, ტოკენები ხელმისაწვდომია ბევრად უფრო ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორის, ისეთი სეგმენტისთვისაც, ვისაც შესაძლოა ძვირადღირებულ ინვესტიციებზე წვდომა არ ჰქონდეს. შესაბამისად, ბაზარი ხდება მეტად ლიკვიდური და მომხმარებლებს მეტი ინვესტიციის შესაძლებლობა ეძლევათ.
ბლოკჩეინის ტექნოლოგია ტრანზაქციის მონაცემების შენახვასთან ერთად, ხელს უწყობს ტოკენის ისტორიის დაცულობას. მაგალითად, თუ ტოკენის საკუთრების უფლების შესახებ ინდივიდებს შორის დავა წამოიჭრება, ბლოკჩეინში შენახული მონაცემები საშუალებას მოგცვემს გადავამოწმოთ ტოკენთან ასოცირებული ტრანზაქციები და დავადასტუროთ მესაკუთრის ნამდვილობა.