პანდემიის დროს, როცა არც იმის ფუფუნება გვქონდა, რომ უცხო ქვეყნებში გვემოგზაურა და ზოგჯერ, რეკრეაციული აქტივობების დაგეგმვაც კი პრობლემას წარმოადგენდა, გადატრიალება მოახდინა ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რამაც შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ახალი ბიზნეს მოდელის დანერგვა და პროდუქტების განვითარება. მაგალითად, ასეთია VR-ის (virtual reality) გამოყენების
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიაცია, რომელიც ტურიზმის სფერომ აითვისა. ტურიზმში VR-ის დანერგვა, მიზნად იმ გამოცდილების გაუმჯობესებას ისახავდა, რომელსაც ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა და თავშესქცევი ადგილების დათვალიერებით ვიღებთ. ამასთანავე, მსგავსი 3-D ტექნოლოგია ბევრმა მუზეუმმაც აითვისა და მათი გამოფენების ხილვა ონლაინ ვებგვერის საშუალებით, ძალიან რეალისტური გამოსახულებით შეგვეძლო. პანდემიის პერდიოში, ეს გამოცდილებები ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს შორის საზღვრების წაშლაში დაგვეხმარა, რაც ბევრი ადამიანისთვის ერთადერთი გზა იყო ყოველდღიურობასთან ჯანსაღი კონტაქტის შესანარჩუნებლად. აქედან მოყოლებული, სხვადასხვა ინდუქსტრიაში უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ AR-ისა (augmented reality) და VR-ის გამოყენების შემთხვევებს.
რა განსხვავებაა VR-სა და AR-ს შორის?
AR-ს ციფრული ინფორმაცია ფიზიკურ სამყაროში გადმოაქვს და “შერეული რეალობის” გამოცდილებას ქმნის. VR-ი კი, მომხმარებლებს სრულად ციფრულ სამყაროში ამისამართებს და შესაბამისად, მონაწილე სრულად არის მოწყვეტილი რეალურ გარემოს. ამ ტექოლოგიებიდან თითოეულს თავისი დადებითი მხარეები აქვს და განვითარების ამ ეტაპზეც, შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციური გადატრიალება მოახდინეს ბიზნესისა და მომხმარებლის ურთიერთობაში.
დღეს, VR-ი და AR-ი ცვლის მომხმარებლის ქცევას პროდუქტსა და ბინესებთან მიმართებაში, რაც ბიზნესებს საშუალებას აძლევს შექმნან კიდევ უფრო დახვეწილი და უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ Augmented Reality-ს რეალურ სამყაროში გადმოაქვს კომპიუტერის მიერ გენერირებული კონტენტი, ეს საშუალებას გვაძლევს რეალურ ფორმატში აღვიქვათ, თუ როგორი იქნება ესა თუ ის პროდუქცია ჩვენს გარემოში. ეს მახასიათებელი განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა გვსურს ავეჯი, აქსესუარები ან, თუნდაც ტანსაცმელი შევიძინოთ.
Virtual Reality, თავის მხრივ, მომხმარებელს სრულ ციფრულ გამოცდილებასა და თავგადასავალს სთავაზობს, სადაც მათ შეუძლიათ სრულად შეიგრძნონ და აღიქვან ესა თუ ის პროდუქტი და სერვისი. VR-ის ტექნოლოგია იდეალურია ტურისტული და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიებისათვის, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს ვირტუალურად გამოვცადოთ სასტუმროები, რეზორტები, თუ სხვა დანიშნულების ადგილები.
რომელი ინდუსტრიები იყენებენ AR-სა და VR-ს?
E-commerce: Amazon-მა შოპინგის ვირტუალური გამოცდილების გასაუმჯობესებლად AR-ის გამოყენება ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. ასისტენტები, ისეთი, როგორიცაა AR View და Room Decorator-ი, საშუალებას გვაძლევს ვიხილოთ თუ როგორი იქნება ესა თუ ის პროდუქტი ჩვენს სახლში. ასევე, არსებობს ისეთი აპლიკაციებიც, რომელიც გვანახებს თუ როგორ გამოიყურება ფეხსაცმელი ჩვენს ფეხზე და უფრო მეტიც, იმასაც კი გავიგებთ, მოგვიხდება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული ტანსაცმელი.
საავტომობილო ინდუსტრია: BMW-ს AR-ზე დაფუძნებული Visualizer App-ი, საშუალებას გვაძლევს ჩვენთვის სასურველი მანქანები რეალურ დროში ვიხილოთ და კონფიგურაციაც შევუცვალოთ. Volkswagen-ი იყენებს AR-ს, რათა კომპანიაში დასაქმებული ადმიანები ახალი ტექნოლოგიების შესახებ დაატრენინგოს.
საცალო გაყიდვები: Ikea-ს Place App-ი, AR-ის დახმარებით, მომხმარებელს საშუალებას აძლევს ვირტუალური ავეჯი საკუთარ სახლში “გადმოიტანონ” და შესაბამისად, განსაზღვრონ რამდენად ერგება და უხდება ინტერიერსა და სივრცეს.
სილამაზე & თავის მოვლა: სეფორას Virtual Artist-ი და L’Oreal-ი AR ტექნოლოგიის წყალობით, მომხმარებლებს საშუალეას აძლევენ ესა თუ ის მაკიჟი საკუთარ თავზე ვირტუალურად გამოცადონ.
ჯანდაცვა: AR-მა დიდი წვლილი შეიტანა ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა სფეროს დახვეწასა და მიღწეული შედეგების გაუმჯობესებაში. მაგალითად, მისი დახმარებით, ოპერაციის მიმდინარეობისას, ქირურგებს შეუძლიათ რეალურ დროში მიიღონ განახლებული ინფორმაცია და კიდევ უფრო ზუსტი და სანდო წყაროს მეშვეობით იხელმძღვანელონ.
ტურიზმი: The British Museum-ი იყენებს Virtual Reality-ს იმისათვის, რომ შექმნას გამოფენების ვირტუალური ტურები. ტურისტული კომპანიები კი იყენებენ AR-ს, რათა მომხმარებლებს ღირსშესანიშნაობებისა და ქალაქების რუკების დათვალიერების ინტერაქციული მომსახურება შესთავაზონ.
განათლება: AR ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ინტერაქციული ხელსაწყო, რათა ტრადიციული სასწავლო წიგნები გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ. ეს მოიცავს ანიმაციებს, 3-D მოდელებსა და ვიდეოებს.
როგორც ხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილ ტექნოლოგიებს იმის პოტენციალი ნამდვილად აქვთ, რომ სამომხმარებლო გამოცდილებაც გააუმჯობესონ და დასაქმებული ადამიანების პროდუქტიულობაც გაზარდონ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ შეცვალონ ის, თუ როგორ ვურთიერთქმედებთ ერთამნეთთან, როგორ ვამყარებთ კონტაქტს და სხვა. გარდა ამისა, რაც მთავარია, VR-ისა და AR-ის დანერგვა ბიზნესებს უფრო თვალსაჩინო ნიშის დაკავებაში ეხმარება, რითაც, საბოლოოდ, იზრდება მომხმარებელთა ლოიალურობის მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, კომპანიის მოგება.