ბოლო დროს, ხშირია საუბრები, რომ ურბანიზაციის სწრაფმა ტემპმა ინოვაციური გადაწყვეტილებების საჭიროების წინაშე დაგვაყენა, რაც პირველ რიგში, იმ გამოწვევების გადაჭრაში უნდა დაგვეხმაროს, რომელთა წინაშეც ქალაქები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დგანან. სწორედ აქ, ჩნდება “ჭკვიანი ქალაქებისა” და ურბანული ტექნოლოგიების კონცეფცია, რაც ტექნოლოგიების, მონაცემებისა და ურბანული დაგეგმარების შერწყმას გულისხმობს და მიზნად ისახავს უფრო ეფექტიანი, მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი ურბანული გარემო შექმნას.
რას ნიშნავს ჭკვიანი ქალაქი?
ჭკვიანი ქალაქი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ურბანული გარემო, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებს, მონაცემთა ანალიზსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ეყრდნობა მისი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რესურსების მართვის ოპტიმიზაციისა და მდგრადობის ხელშეწყობისთვის. ჭკვიანი ქალაქის ბირთვში “კავშირის კონცეფცია” დევს, სადაც ურბანული ცხოვრების სხვადასხვა კომპონენტი, დაწყებული სატრანსპორტო სისტემებიდან, დამთავრებული საჯარო სერვისებამდე, ერთმანეთთან სენსორების, მონაცემთა ცენტრებისა და საკომუნიკაციო პლატფორმების ქსელის მეშვეობითაა დაკავშირებული. ეს ურთიერთდაკავშირება, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს რეალურ დროში შევძლოთ მონიტორინგი, ანალიზი და ურბანული ფუნქციების მართვა. როგორც ხედავთ, მომავალი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, უფრო ზუსტად კი:
ნივთების ინტერნეტი (IoT)
IoT (Internet of Things) ჭკვიანი ქალაქების ხერხემალს წარმოადგენს, რადგან ის ხელს უწყობს ფიზიკური მოწყობილობებისა და ობიექტების ინტერნეტთან დაკავშირებას, რაც მათ საშუალებას აძლევს მონაცემები გაცვალონ. ქუჩის განათებებში, ნაგვის ურნაში, მანქანებსა და შენობებში ჩაშენებული სენსორები რეალურ დროში შეაგროვებენ მონაცემებს, რომელთა ანალიზიც ენერგიის მოხმარების, მოძრაობის ნაკადის და საჯარო სერვისების ოპტიმიზაციისთვის გამოდგება.
დიდი მონაცემები (Big Data) და ანალიტიკა
IoT მოწყობილობების მიერ გენერირებული მონაცემების უზარმაზარი რაოდენობა მოწინავე ანალიტიკური პლატფორმების საშუალებით მუშავდება. მონაცემებზე ორიენტირებული ეს მიდგომა გვაძლევს პატერნებსა და ტენდენციებს, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქის დაგეგმარებისას მივიიღოთ გააზრებული გადაწყვეტილებები ურბანული განვითარების, სატრანსპორტო მოძრაობის მართვისა და რესურსების განაწილების შესახებ.
მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები
ჭკვიანი ქალაქები პრიორიტეტს განახლებად ენერგიის წყაროებს ანიჭებენ, აერთიანებენ მზის პანელებს, ქარის ტურბინებს და ენერგოეფექტურ სისტემებს, რათა შეამცირონ ნახშირბადის გამოყოფა და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება. ენერგიის მოხმარების პატერნის მონიტორინგი და მორგება რეალურ დროში ხდება, რათა არასასურველი ხარჯი და რესურსის გაბნევა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები
ჭკვიან ქალაქებში მიიღება ისეთი სატრანსპორტო გადაწყვეტილებები, რომლებიც საცობებს შეამსუბუქებს და დაბინძურებას შეამცირებს. მოძრაობის მართვის ინტეგრირებული სისტემები, ინტელექტუალური პარკინგი და საზოგადოებრივი გადაადგილების განახლებები მაცხოვრებლებს უფრო მშვიდი მობილობის გამოცდილებას აძლევს.
ჯანმრთელობის ჯიხურები
ერთ დღესაც, ჭკვიან ქალაქებში შეიძლება ხელოვნური ინტელექტის მიერ ოპერირებადი, ამბულატორიული ჯანდაცვის ჯიხურებიც ვნახოთ. მათი მეშვეობით, სავარაუდოა, რომ მარტივი დიაგნოზების გაგებას შევძლებთ. ჯიხური დაასკანერებს თქვენს სახესა და სხვა ბიომეტრიულ მონაცემებს და შეძლებს ელემენტარული დიაგნოზის დადგენას – პოტენციურად, თუნდაც მედიკამენტების გაცემას. ეს ჯანდაცვის დაწესებულებებს საშუალებას მისცემს სამედიცინო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახადონ და ამასთანავე, განტვირთონ მდგომარეობა საავადმყოფოებში.
ეს მხოლოდ მინიმუმია იმ ცვლილებათაგან, რომელთა შემოთავაზებაც მომავლის ჭკვიან ქალაქებს შეუძლიათ. ამ ეტაპზე, სხვადასხვა ქვეყნები უკვე აქტიურად მუშაობენ თავიანთი ქალაქების ჭკვიან ქალაქებად ფორმირებაზე, მათ შორის, ყველაზე გამოკვეთილია სეული, სინგაპური, ჰელსინკი, ამსტრედამი, ციურიხი და ოსლო.