ეჭვგარეშეა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა მარტივად დავკავშირებოდით ერთმანეთს, ახალ საფეხურზე აგვეყვანა როგორც სოციალური, ასევე ბიზნესგარემო და ზოგადი შესაძლებლობები გაგვეათმაგებინა. ამ მხრივ, ჩვენს ყოველდღიურობაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე დროის მენეჯმენტის სხვადასხვა აპლიკაცია და ხელსაწყოა.
აპლიკაციების სიმრავლის გათვალისწინებით, ერთადერთი, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანის საფიქრალია, თუ როგორ შეარჩიოს მისთვის ყველაზე ოპტიმალური აპი, რომელიც კომპანიის შიდა პროექტების მართვასაც გაამარტივებს და სამუშაო დროს ყველაზე მეტი ეფექტურობით აგვათვისებინებს. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში რამდენიმე ძალიან საჭირო აპლიკაციას გაგაცნობთ:
დროისა და პროექტების მენეჯმენტი, როგორც დიდი, ასევე მცირე ბიზნესებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მცირე ბიზნესის მართვა მოითხოვს უწყვეტ ფოკუსს მრავალ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ყოველთვიურ წვრილმანსა და დავალებაზე. დაწყებული ფინანსებიდან, დასრულებული ბიზნეს ოპერაციებსა და გაყიდვებამდე. Trello მცირე ზომის ბიზნესებისა და გუნდებისთვის პროექტის მართვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია. ის საშუალებას გაძლევთ:
- შექმნათ პროექტები;
- გაწეროთ დავალებები;
- გქონდეთ ცენტრალიზებული საუბრები თქვენს გუნდთან;
- დანიშნოთ სამუშაოს შესრულების ვადები.
ტრელო იდეალურად მუშაობს, თუ კანბანის მეთოდს ზედმიწევნით მიჰყვებით. კანბანის მეთოდი რამდენიმე ძირითად პრინციპს მოიცავს: სამუშაო პროცესების ვიზუალიზაცია, დავალებების შესრულების ვადები ეფექტური დროის მენეჯმენტისთვის, უკუკავშირი გუნდის წევრებთან შესრულებული დავალებებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ, გუნდის წევრების ერთ ტალღაზე ყოფნა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
დიდი ბიზნესებისთვის კი, საუკეთესო ალტერნატივა, ისეთი მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე პლატფორმები არსებობს, როგორიცაა Notion. ამ პლატფორმის დახმარებით, ერთ სივრცეში პროდუქტიულობის სხვადასხვა აპლიკაციები ერთიანდება, რაც საშუალებას გაძლევთ გუნდის ნებისმიერმა წევრმა სრულფასოვნად იმუშაოს სხვადასხვა პროექტზე, თანაც ერთ სივრცეში. Notion-ის პლატფორმაზე შესაძლებელია:
- დაგეგმოთ სამუშაო თვე თუ კვარტალი;
- გააზიაროთ დოკუმენტები გუნდის წევრებთან;
- შექმნათ ცოდნის ბაზა თანამშრომლებისთვის;
- გაწეროთ დავალებების სია;
- და სხვა.
Notion-ის დახმარებით, შესაძლებელია ორგანიზაციის ნებისმიერი რგოლისა და დეპარტამენტის საქმიანობისა და დროის მენეჯმენტი, რაც კომპანიის ერთიან ეფექტურობაზე აისახება.
მათთვის კი, ვისაც დროის მენეჯმენტი განსაკუთრებულად სჭირდება, Forest ახალი სიტყვაა დროის სწორად გამნაწილებელ აპლიკაციებს შორის. ეს უნიკალური და სახალისო აპლიკაცია, გეხმარებათ კონცენტრირებაში და დროის მართვის მხრივ, მოიცავს ცნობილ Pomodoro-ს ტექნიკას, რაც სამუშაოს მოკლე დროით ინტერვალებში გადანაწილებას გულისხმობს. Forest-ის კონცეფცია ძალიან მარტივია: თუ სამუშაოზე კონცენტრაციას დროის მოცემულ ინტერვალში შეინარჩუნებთ, აპლიკაციაში მოცემული თქვენი ვირტუალური ხე გაიზრდება. თუ ყურადღება გაგეფანტებათ და სამუშაოს ვერ შეასრულებთ, ხე გახმება. როგორც აპლიკაციის სახელიც გვეუბნება, აპლიკაციის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაზარდონ მრავალი სხვადასხვა ხე და საბოლოოდ, საკუთარი ვირტუალური ტყე შექმნან. გარდა იმისა, რომ დროის მართვის ეს ინსტრუმენტი ნამდვილად სახალისოა, ის დავალებაზე ფოკუსირების აუცილებლობას უკეთ ანახებს ადამიანს.
Everhour დროის ათვლითი სისტემის პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც განსაკუთრებით გამოსადეგია შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, მათ შორის, ფრილანსერი გრაფიკული დიზაინერების, არტისტების, მარკეტერებისა თუ ზოგადად კრეატიული სააგენტოებისთვის.
Eeverhour-ის საშუალებით, შესაძლებელია:
- თვალყური ადევნოთ ნებისმიერ პროექტს;
- გაწეროთ ბიუჯეტი;
- გააგზავნოთ ინვოისები;
- დაითვალოთ ასანაზღაურებელი სამუშაო საათები და ის საათებიც, რომელიც არ ანაზღაურდება.
Eeverhour განსაკუთრებით კომფორტულია ფრილანსერებისთვის ისეთ კლიენტებთან მუშაობისას, რომლებიც ითხოვენ ნამუშევარი საათების, ინვოისებისა თუ ხარჯების დეტალურ აღწერასა და ასახვას.
ხშირად, შესაძლოა ადამიანები ინდივიდუალურად აწყდებოდნენ დროის მენეჯმენტის პრობლემას, რაც შემდგომ არასასურველი სტრესის მიზეზი ხდება. ნებისმიერი პროფესიონალისთვის, დროის მაქსიმალურად ეფექტური მართვა წარმატებული და მშვიდი სამუშაო გეგმის ამომავალი წერტილია. ამისათვის კი, მნიშვნელოვანია კარგად შეგვეძლოს ყველაზე მნიშვნელოვანი დავალების განსაზღვრა და პრიორიტეტების სიაში გადატანა.
ეიზენჰაუერის მატრიცა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა შეიქმნა, როდესაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის არმიის მეთაური იყო. მატრიცის მუშაობის პრინციპი მარტივია, პირველ რიგში, დაალაგეთ თქვენი შესასრულებელი სამუშაო ოთხ ცალკეულ კვადრატად:
- გადაუდებელი და მნიშვნელოვანი დავალებები ანუ პროექტები, რომლებიც პირველ რიგში უნდა შესრულდეს.
- არც ისე მნიშვნელოვანი დავალებები, ანუ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ შესასრულებელ დავალებათა კალენდარში შეიძლება გაიწეროს.
- გადაუდებელი და არც ისე მნიშვნელოვანი დავალებები, ანუ პროექტები, რომელთა დელეგირებაც სხვაზე შეგვიძლია.
- უმნიშვნელო დავალებები, ანუ პროექტები, რომლებიც შეგვიძლია დავივიწყოთ.
თუ ეიზენჰაუერის კვადრატულ სქემას გაჰყვებით, ნებისმიერი სამუშაოს შესრულება და დროის გადანაწილება შესამჩნევად გაგიმარტივდებათ. ამ გზით, შეამცირებთ სტრესს თქვენს ცხოვრებაში და აღადგენთ პირადი ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსს.