რაც უფრო ღრმად შევაბიჯებთ 21-ე საუკუნეში, ვხვდებით ისეთ ტექნოლოგიურ ძვრებს, რომლებიც ონლაინ სამყაროს აღქმასა და შედეგად, მათ ჩვენს ყოველდღიურობაში ურთიერთქმედებას თავიდან ბოლომდე ცვლის. ერთ-ერთი ასეთი პარადიგმის ცვლილება, რომელიც ამჟამად განვითარებისა და დახვეწის პროცესშია, არის Web3. ეს არის ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც სრულებით წარმოუდგენელ კარს აღებს ინოვაციების სამყაროში. ვინაიდან, Web3 ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამ ბლოგში, მის საიდუმლოებებში გაგარკვევთ და თქვენთან ერთად ჩავუღრმავდებით იმ შედეგებს, რაც Web3-ს კომპანიებისა და ბიზნესებისთვის მოაქვს.
რა არის Web3?
ეს არის შეკითვა, რაზე პასუხიც თითოეულ მკითხველს აინტერესებს, თუმცა სანამ Web3-ში “ჩავიძირებოდეთ”, მოდით, სწრაფად გავიაროთ ისტორიული მეხსიერების ხაზი.
- Web1 (სტატიკური ქსელი): ის წარმოადგენს ინტერნეტის ადრეულ სახეს, სადაც ატვირთული კონტენტი იყო სტატიკური და მხოლოდ წასაკითხად განკუთვნილი. იფიქრეთ მასზე, როგორც ბიბლიოთეკაზე, სადაც შეგიძლიათ მხოლოდ წაიკითხოთ, მაგრამ ამასთანავე, ვერასოდეს შეიტანოთ ცვლილება.
- Web2 (სოციალური ქსელი): ამ ეპოქაში დაიწყო და შეიქმნა ინტერაქციული ქსელი. სწორედ ამ დროს შეიქმნა ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Facebook, Twitter და YouTube, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან, გააზიარონ და ქონდეთ კომუნიკაცია ერთმანეთთან. შესაბამისად, ჩვენთვის ცნობილი ინტერნეტი ბიბლიოთეკიდან ხმაურიან კაფედ გადაიქცა, რომელიც სავსეა საუბრებით, ინფორმაციის გაცვა-გამოცვლითა და ურთიერთობით.
სწორედ Web2-ის შემდეგ, ვიხილეთ და გავიცანით Web3, რომელიც ინოვაციებითა და აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობებითაა სავსე. მაშ, ასე:
- Web3 (დეცენტრალიზებული ქსელი): ეს არის ქსელის შემდეგი ევოლუცია. აქ, საქმე დეცენტრალიზებულ ინტერნეტს ეხება, სადაც აპლიკაციებს მუშაობა შუამავლების გარეშე შეუძლიათ. იმის ნაცვლად, რომ Web3 ცენტრალიზებულ ერთეულებს (როგორიცაა Google ან Facebook) დაეყრდნოს, იგი “peer-to-peer” ქსელებზე მუშაობს, ძირითადად, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის ძალაუფლებისა და კონტროლის დაბრუნებას, მონაცემთა ფლობის, კონფიდენციალურობისა და პირდაპირი ტრანზაქციების უზრუნველყოფას შუამავლების გარეშე, რაც ამცირებს ხარჯებს, დროსა და სხვა მნიშვნელოვან რესურსებს.
Web3-ის ძირითადი მახასიათებლები
- დეცენტრალიზაცია: თავისი არსით, Web3 ცენტრალურ სერვერებსა და ავტორიტეტებზე დამოკიდებულებას და მათ როლს ამცირებს. მონაცემები განაწილებულ ქსელში ინახება, რაც უზრუნველყოფს მდგრადობას, სანდოობასა და შემცირებულ ცენზურას.
- თავსებადობა: Web3 პლატფორმები შექმნილია იმისათვის, რომ მათ ერთად და შეუფერხებლად იმუშაონ. ეს ნიშნავს, რომ აპებს, ხელსაწყოებსა და პლატფორმებს მონაცემთა და ტრანზაქციების გაზიარება ჯაჭვების მეშვეობით შეუძლიათ.
- ციფრული აქტივები და ტოკენები: Web3-მა ციფრული აქტივების კონცეფცია შემოიტანა, ყველაზე ხშირად, ცნობილი, როგორც კრიპტოვალუტა. ეს აქტივები, როგორიცაა ბიტკოინი ან ეთერიუმი, დიდი ღირებულების მქონეა და საშუალებას გვაძლევს “peer-to-peer” ტრანზაქციები განვახორციელოთ.
- ჭკვიანი კონტრაქტები: ეს არის ისეთი კონტრაქტები, რომელთაც ხელშეკრულების პირობები პირდაპირ კოდში აქვთ ჩაწერილი და მათი აღსრულებაც ავტომატიზირებულია. ისინი უზრუნველყოფენ ისეთ ტრანზაქციებს, სადაც აღარ გჭირდებათ თქვენი პარტნიორისადმი/მეორე მხარისადმი ნდობაზე იყოთ დამოკიდებული, ვინაიდან თქვენ ენდობით მიუკერძოებელ კოდს.
როგორ იყენებენ კომპანიები Web3-ს
Web3 მხოლოდ ხმაურიანი და პოპულარული სიტყვა არ არის; ეს არის ტექნოლოგიური ნახტომი, რომელიც რეალურ სამყაროში სრულდება. რაც მთავარია, მას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ბიზნესები, რათა თავიანთი საქმოანობა გააუმჯობესონ, უფრო ზუსტად:
1. დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi): ტრადიციული ბანკები და საფინანსო სისტემები შუამავლებითაა გადაჭედილი. Web3-ის მეშვეობით, კომპანიები დეცენტრალიზებულ პლატფორმებს კრედიტების, სესხების აღებისა და აქტივებით ვაჭრობისთვის ქმნიან, სადაც “ურთიერთობა” ტრადიციული შუამავლების გარეშეა შესაძლებელი.
2. მიწოდების ჯაჭვი: ბლოკჩეინი, Web3-ის ხერხემალი, უზრუნველყოფს გამჭვირვალე, უცვლელ ჩანაწერებს. კომპანიები ამას იყენებენ, რათა თვალი ადევნონ პროდუქტებს დაწყებული მათი წარმოშობიდან, დამთავრებული საბოლოო მომხმარებლამდე, რაც უზრუნველყოფს ავთენტურობას და გამჭვირვალობას.
3. კონტენტის შექმნა და მონეტიზაცია: არტისტები და კრეატორები იყენებენ Web3-ს, რათა შექმნან და გაყიდონ თავიანთი ნამუშევრები შუამავლების გარეშე, რაც მათთვის უკეთეს შემოსავალს უზრუნველყოფს.
4. თამაშები: Web3-მა თამაშებში ციფრული ტოკენების (NFTs) დანერგვით რევოლუცია მოახდინა. ეს უნიკალური ციფრული აქტივები საშუალებას აძლევს მოთამაშეებს რეალურად ფლობდნენ თამაშში არსებულ ნივთებს და თამაშის საშუალებით, რეალურ ფულსაც კი გამოიმუშავებენ.
5. მონაცემთა კონფიდენციალურობა და საკუთრება: იმის ნაცვლად, რომ მონაცემები გადასცეს მსხვილ ტექნოლოგიებს, Web3 კომპანიებს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს თავიანთი მონაცემების ფლობისა და კონტროლის უფლება მისცეს, რაც პოტენციურად რევოლუციის ტოლფასია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური მედია და რეკლამა.