ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად, შეიქმნა სხვა ახალი მიდგომებიც, რომლებიც ბიზნესების თუ უბრალოდ ადამიანების ცხოვრებას ძალიან ამარტივებენ. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სმარტ კონტრაქტია. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სმარტ კონტრაქტები ბლოკჩეინში არსებული და “შენახული” პროგრამებია, რომელთა ამოქმედებაც იწყება მაშინ, როცა წინასწარგანსაზღვრული პირობები შესრულდება. როგორც წესი, სმარტ კონტრაქტები ხელშეკრულების შესრულების ავტომატიზაციის საშუალებაა, რათა მონაწილე მხარეები დარწმუნებული იყვნენ შეთანხმებული და სასურველი შედეგის დადგომაში ისე, რომ არც შუამავლის ჩარევა დასჭირდეთ და არც რაიმე დროითი დანაკარგი ჰქონდეთ.
სმარტ კონტრაქტი ძალიან მარტივი “თუ / როდის…შემდეგ…” პრინციპების მიხედვითა და იმ დებულებების გათვალისწინებით მუშაობს, რომლებიც ბლოკჩეინის კოდშია ჩადებული. როდესაც წინასწარგანსაზღვრული პირობები შესრულებული და დაკმაყოფილებულია, კომპიუტერთა ქსელი იწყებს მოქმედებასა და კოდში ჩადებული ბრძანების შესრულებას. ეს ქმედებები შესაძლოა მოიცავდეს:
– თანხების გაცემას შესაბამის მხარეებზე;
– ავტომობილის რეგისტრაციას;
– შეტყობინებების გაგზავნას;
– ბილეთის გაცემას;
– და სხვა.
ბლოკჩეინი განახლდება მას შემდეგ, რაც ტრანზაქცია წარმატებით შესრულდება. ეს ნიშნავს, რომ ტრანზაქცია ვერ შეიცვლება და მხოლოდ იმ მხარეებს შეუძლიათ მისი შედეგების ნახვა, რომელთაც ამის ნებართვა წინასწარ აქვთ მინიჭებული.
სმარტ კონტრაქტში, შესაძლოა ჩადებული იყოს იმდენი პირობა, რამდენსაც მხარეები გადაწყვეტენ, რომ მათ მიზნებს აკმაყოფილებს. პირობების დასადგენად, საჭიროა, შემდეგი ნაბიჯების შესრულება:
– მონაწილე მხარეებმა განსაზღვრონ, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი ტრანზაქცია და მისი მონაცემები ბლოკჩეინში;
– შეთანხმდნენ “თუ / როდის…შემდეგ…” წესებზე, რომლებიც ამ ტრანზაქციებს არეგულირებს;
– გამოიკვლიონ ყველა შესაძლო გამონაკლისი და განსაზღვრონ დავების გადაწყვეტის ფარგლები;
მხოლოდ ამის შემდეგ, სმარტ კონტრაქტი შესაძლოა დაპროგრამდეს დეველოპერის მიერ, თუმცა, საგულისხმოა ისიც, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი ბიზნესისთვის ბლოკჩეინს იყენებენ, აქვთ საკუთარი შაბლონები, ვებ-ინტერფეისები და სხვა ონლაინ ხელსაწყოები იმისათვის, რომ სმარტ კონტრაქტების სტრუქტურირება გაამარტივონ.
სმარტ კონტრაქტის უპირატესობები
- სიჩქარე, ეფექტიანობა და სიზუსტე
როგორც კი სმარტ კონტრაქტის პირობები დაკმაყოფილდება, ხელშეკრულებაც დაუყოვნებლივ შესრულდება. იმის გათვალისწინებით, რომ სმარტ კონტრაქტი ციფრული და ავტომატიზებულია, მხარეებს არ სჭირდებათ ფიზიკური დოკუმენტაციის წარმოება და დროის ხარჯვა იმ შეცდომების გამოსასწორებლად, რომლებიც დოკუმენტაციის ხელით შევსებისას ხშირად წარმოიშვება.
- სანდოობა და გამჭვირვალობა
იქედან გამომდინარე, რომ სმარტ კონტრაქტში მესამე მხარე ჩართული არ არის, და რადგან, ტრანზაქციების დაშიფრული ჩანაწერები გაზიარებულია მონაწილე მხარეებს შორის, აღარ არსებობს ეჭვი, რომ ინფორმაცია შესაძლოა შეცვლილიყო პერსონალური სარგებლის მიღების მიზნით.
- უსაფრთხოება
ბლოკჩეინის ტრანზაქციის ჩანაწერები დაშიფრულია, რაც მათ გატეხვას ძალიან რთულს ხდის. უფრო მეტიც, რადგან თითოეული ჩანაწერი დაკავშირებულია წინა და მომდევნო ჩანაწერთან, ჰაკერებს მოუწევთ შეცვალონ მთელი ჯაჭვი, რათა ერთი მონაცემის ცვლილება შეძლონ.
- დანაზოგი
რადგან სმარტ კონტრაქტი შუამავალი პირების საჭიროებას საერთოდ აქრობს, მხარეები როგორც ფინანსურ, ასევე დროით რესურსს მნიშვნელოვნად ზოგავენ.
რა სარგებელს იღებს ბიზნესი სმარტ კონტრაქტის გამოყენებით?
სმარტ კონტრაქტის გამოყენება, განსაკუთრებით ეხმარება ბიზნესებს და ნებისმიერი შეთანხმების დადებისას, მხარეებისთვის მაქსიმალურ სანდოობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ამარტივებს უამრავ ბიუროკრატიულ პროცესს და სხვადასხვა სექტორსა და სფეროს განვითარებაში ეხმარება:
- მედიკამენტების ეფექტურობის დაცვა
Sonoco და IBM მუშაობენ, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ტრანსპორტირებისას წარმოქმნილი პრობლემების შესამცირებლად, რასაც მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის ზრდით აპირებენ. Pharma Portal-ი ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც IBM Blockchain Transparent Supply-ის დახმარებით, ტემპერატურით კონტროლირებად ფარმაცევტულ საშუალებებს, მიწოდების ჯაჭვის საშუალებით აკონტროლებს, რათა რამდენიმე მხარეს შორის სანდო, საიმედო და ზუსტი მონაცემების მიმოცვლა უზრუნველყოს.
- ნდობის ზრდა საცალო მოვაჭრესა და მიმწოდებელს შორის
The Home Depot, სამშენებლო მასალებით მოვაჭრე და სახლის რემონტის სერვისის მქონე ამერიკული კომპანია, სმარტ კონტრაქტებს იყენებს იმისათვის, რომ ვენდორებთან დავა სწრაფად მოაგვაროს. რეალურ დროში კომუნიკაციისა და მიწოდების ჯაჭვში გაზრდილი ხილვადობის მეშვეობით, ისინი მომწოდებლებთან უფრო სტაბილურ ურთიერთობებს ამყარებენ, რისი დახმარებითაც, ნულამდეა დაყვანილი სხვა ინოვაციური მიდგომების პოვნისა და კრიტიკული სამუშაოს შესრულების საჭიროება.
- სწრაფი და ეფექტური საერთაშორისო ვაჭრობა
სმარტ კონტრაქტების გამოყენებით, ბიზნესები გლობალური ვაჭრობის სანდო ეკოსისტემას ქმნიან. მაგალითად, როგორც ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა, we.trade-მა დანერგა სტანდარტიზებული წესები და მხარეებს მისცა გამარტივებული ვაჭრობის შესაძლებლობა, რათა სავაჭრო პროცესის შემსუბუქებისა და მონაწილე კომპანიების და ბანკებისთვის სავაჭრო შესაძლებლობების გაფართოების დროს, შესაძლო რისკისა და კონფლიქტის წარმოქმნა შეემცირებინა.