ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად იკვეთება ონლაინ მოთხოვნები — კერძოდ, რამდენი ამოცანის შესრულება გვჭირდება პირდაპირ ტექნოლოგიური მოწყობილობებიდან, იქნება ეს ლეპტოპი თუ სმარტფონი. მით უმეტეს, თითქმის ყველა სერვისი, რასაც აქამდე მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში ვხვდებოდით, ახლა უკვე ონლაინაა ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ამგვარი შესაძლებლობა ბევრ სარგებელს გვაძლევს, მაგრამ ე. წ. „შიდა განვითარება“ მაინც საჭიროა, რათა ისედაც დაჩქარებული პროცესები მეტად დაიხვეწოს.
სწორედ ასეთ კონცეფციას ეფუძნება TNET-ის, საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემის, მიერ შექმნილი აპლიკაცია — „სუპერ აპი“. ეს უკანასკნელი მომხმარებლების ყოველდღიური საჭიროების გათვალისწინებით შემუშავდა და მისი მიზანია, მაქსიმალურად გაგვიმარტივოს ამა თუ იმ სერვისის გამოყენება. ამისათვის სხვადასხვა სერვისი ერთ სივრცეში გააერთიანეს, რათა სხვადასხვა ცალკეული ვებგვერდების თუ აპლიკაციების გამოყენება არ დაგვჭირდეს.
კერძოდ, ახლა სუპერ აპში შესაძლებელია:
- სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიების ბილეთის შეძენა;
- ონლაინ შოპინგი;
- ფასდაკლებებით და ვაუჩერებით სარგებლობა სხვადასხვა სასტუმროებში, ბარ-რესტორნებში, სპორტულ დარბაზებში და სხვა;
- მობილური ბალანსის შევსება, კომუნალურების დაფარვა, ჯარიმების გადახდა.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ვინაიდან სუპერ აპის გუნდმა, მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით, აპლიკაციის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ განახლებაზე იმუშავა. შესაბამისად, სუპერ აპში ყოველდღიური მოხმარების სერვისების მიღება კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულადა შესაძლებელი. ამ სიახლესთან დაკავშირებულ დეტალებზე კი TNET-ის Product Owner-ს, ნოდარ ქებაძეს გავესაუბრეთ.
მოცემულ ეტაპზე აპლიკაცია ოთხ ძირითად მიმართულებას ფარავს: ელკომერცია, სხვადასხვა გადახდა, ბილეთები, ფასდაკლებისა და ვაუჩერების შეთავაზებები.. „აპლიკაციაში კონკრეტული მანქანის მონაცემების დამატების შემდეგ, ნებისმიერი სახის ჯარიმა შეტყობინების სახით მიუვა მომხმარებელს. აქვე ნახავს, როდის და რა მიზეზით დაჯარიმდა, რასაც ვიზუალური მასალაც ერთვის თან. ზოგადად, ჯარიმების ნახვა ძალიან დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული, რადგან ზოგჯერ შეტყობინებაც არ მოდის, ან გამოგვრჩება და მერე აღმოვაჩენთ, რომ ჯარიმის თანხაც გაზრდილა. სუპერ აპში კი ამგვარი ცდომილება შეუძლებელია. თან ნახვასთან ერთად, გადახდის ფუნქციონალიც აქვეა ჩაშენებული“, — განმარტავს ნოდარი.
ახლა კი ეტაპობრივად მივყვეთ დანარჩენ განახლებებს:
ელექტრონული კომერცია
ელ.კომერცია აქამდეც იყო აპლიკაციაში ინტეგრირებული, უბრალოდ ცოტა შეზღუდული ფორმით. უფრო კონკრეტულად, განახლებამდე მომხმარებლებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ, სხვადასხვა ტიპის პროდუქტი ერთდროულად შეეძინათ, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა — თუკი ერთზე მეტი ნივთის ყიდვა უნდოდათ, რამდენჯერმე უნდა გაეფორმებინათ შეკვეთა.
ახლა კი ამ ნაწილს ე. წ. კალათა დაემატა. მისი მეშვეობით, შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის კალათაში განთავსება და შემდეგ მარტივად — ერთი ტრანზაქციით შეძენა.
დეშბორდი
ეს არის მთავარი გვერდი, რომელიც სრულად განახლდა. „განახლების პროცესში ამოსავალ წერტილად მომხმარებლებზე ორიენტირებულობა ავიღეთ, რათა მათზე მეტად მორგებული და ინტუიციური გაგვეხადა. მანამდე უბრალოდ პროდუქტები და კატეგორიები გამოდიოდა, ახლა კი ბევრად მარტივ ველად ვაქციეთ, გაცილებით ადვილად სანავიგაციოა მომხმარებლებისთვის. ამის ნაწილია ისიც, რომ დაემატა ახალი გადახდების ბლოკი, არსებული დავალიანებების ნახვა მარტივადაა შესაძლებელი“, — აღნიშნავს ნოდარ ქებაძე.
უფრო გასაგებად რომ წარმოვიდგინოთ, შაბლონების შექმნა ძალიან დიდ კომფორტს წარმოადგენს: მაგალითად, შეგიძლიათ სახლის კომუნალურები დააჯგუფოთ და გადახდის დრო როცა მოვა, აპლიკაცია შეგატყობინებთ სრულ დასაფარ თანხას. შესაბამისად, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ერთი სახლის ყველა კომუნალურს დაფარავთ.
კატეგორიების გვერდი
აქ უკვე ვიზუალურ განახლებაზე უნდა ვისაუბროთ, ვინაიდან კატეგორიების აიქონები ახალი დიზაინითაა შექმნილი. „ასე ვთქვათ, თავიდან უფრო ერთფეროვანი იყო, გრაფიკული აიქონებით. თუმცა იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის უფრო ინტუიციური გაგვეხადა და ვიზუალურადაც მიმზიდველი გამხდარიყო, ცვლილება აუცილებლად მივიჩნიეთ. თან ამჟამად აიქონები ისეა შერჩეული, ყველას მეტად გაუმარტივდება აპლიკაციაში ნავიგაცია — ზუსტად მიხვდება, რომელ კატეგორიაში რა პროდუქციაა თავმოყრილი. ასევე, ქლიქ არეალიც გაიზარდა და უფრო მარტივია დაკლიკება“.
მთლიანობაში, აღსანიშნავია, რომ თითოეული კატეგორია თუ მიმართულება სწორედ იმ საჭიროებების მიხედვით განსაზღვრეს, რაც ყოველდღიურად ხალხის დიდ მასას გვიჩნდება. ამას წინ უძღოდა შესაბამისი კვლევები და დაკვირვებები. ამავდროულად, აქტიურ მუშაობას განაგრძობენ და ახლო მომავალში უამრავ სიახლეს ჰპირდებიან მომხმარებელს — „ბევრი კომპანიის სერვისი შემოუერთდება აპლიკაციას და მომხმარებლებს დღეში რამდენჯერმე დასჭირდებათ სუპერ აპის გამოყენება“.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ჯერ განახლებული აპლიკაცია დავტესტოთ და დაველოდოთ მეტ სიახლეს, რადგან სუპერ აპის გუნდი აგრძელებს აპლიკაციის მუდმივ განახლებას, განსაკუთრებული ციფრული გამოცდილების შესაქმნელად.
მომზადებულია Marketer.ge-ის მიერ