თინეთის გუნდი პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება. ადამიანებისგან, რომელთაც მუდმივად რაღაც ახლის სწავლის სურვილი აქვთ. სწორედ ეს თვისება და მიზანი განაპირობებს იმას, რომ ხშირად, ჩვენი გუნდის წევრები არც აქამდე უცხო როლისა და პოზიციის მორგებას უშინდებიან და არც იმის თქმას, რომ რაღაც მათთვის ახალია და სურთ საკითხის შესახებ მეტი იცოდნენ. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში, გადავწყვიტეთ ის ადამიანები გაგაცნოთ, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ყოველდღიურად აზიარებენ, უფრო ზუსტად, თავიანთ დარგში კონკრეტული პროფესიული მიმართულებების ლექტორები და მენტორები არიან და სიამოვნებით დაეხმარებიან თითოეულ ადამიანს, ვისაც თავიანთი უნარების დახვეწა და გამრავალფეროვნება სურთ.
რაც მთავარია, თანამედროვეობაში აქტუალური რომელი სფეროც არ უნდა გაინტერესებდეთ, იქნება ეს IT, ვებდეველოპმენტი ან, თუნდაც, UX/UI დიზაინი, თქვენი კოლეგები მზად არიან დაგეხმარონ და მათი მნიშვნელოვანი მიგნებები გაგიზიარონ.
“შემოქმედებით სფეროში, ყველაზე რთულია ადამიანი გაათავისუფლო გავლენისგან და დაეხმარო იპოვოს ის ინდივიდუალური სტილი, რომელსაც დიზაინის შექმნის პროცესში გამოიყენებს. ჩემი სტიმული და მოტივაციაც სწორედ ეს არის – მაქსიმალურად დავეხმარო ჩემს სტუდენტებს თავიანთი თავისა და ხასიათის აღმოჩენაში” – გიგა თამარაშვილი, UI Chapter Lead.
გიგა უკვე 11 წელია დიზაინის მიმართულებით მუშაობს, ხოლო UI დიზაინს 303px-ში ასწავლიდა და ამ პროცესის ყოველი წუთი მისთვის მხოლოდ სიამოვნებასა და თვითრეალიზების შეგრძნებასთან ასოცირდება.
ვინაიდან საუბარი სასიამოვნო შეგრძნებებამდე მივიდა, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი ვიდრე შენი მოსწავლეების წარმატებისა და მადლიერების ხილვაა. ბაჩოს, რომელიც TNET-ის UX/UI მიმართულების ლიდია, 250-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს და 5 წელია უწყვეტად აგრძელებს სალექტორო კარიერას:
“ტექნოლოგიური სფერო ყოველთვის მომწონდა, თუმცა აღსრულების ნაწილზე მეტად იდეების გენერირებისა და კრეატიული აზროვნების მიმართულება მიტაცებდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ციფრული პროდუქტების დიზაინი ამერჩია და ჩემი კარიერის მთავარ საქმიანობად მექცია. პროფესიულ გზაზე, მენტორობა, ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ დროს, პირველ რიგში, საკუთარ თავს აუმჯობესებ და სტუდენტებთან ურთიერთობით ერთი შეხედვით მარტივ, თუმცა გადამწყვეტ საკითხებს უბრუნდები, იმეორებ და ახლებურად უყურებ. რაც მთავარია, ძალიან მახარებს, რომ ჩემი სტუდენტებიდან რამდენიმე, დღეს თინეთში ჩემი კოლეგაა.” – ბაჩო ბარნაბიშვილი, UX/UI Lead.
მაშინ, როცა შემოქმედებითობა კაცობრიობას საწყისიდან მოსდევს, არის ისეთი საკითხებიც, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში თანამედროვე ტექნოლოგიის გამოჩენასა და განვითარებასთან ერთად შემოვიდა. ასეთია, მაგალითად, Front-End და Back-End Development-ი. იქიდან გამომდინარე, რომ თინეთი საქართველოში ციფრული პლატფორმების ყველაზე მასშტაბური ეკოსისტემაა, ალბათ, არც გაგიკვირდებათ, რომ თქვენს კოლეგებს ამ კუთხითაც შეუძლიათ მენტორობა გაგიწიონ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამის სურვილს ღიადაც გამოთქვამენ:
“მას შემდეგ, რაც ცხოვრების პირველ საპასუხისმგებლო ეტაპზე შევაბიჯე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, სხვებისთვის ინფორმაციის გაზიარება ძალიან შემიყვარდა. განსაკუთრებით, იმ ინფორმაციის გაზიარება, რაშიც საკმარისი კომპეტენცია მაქვს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემგან რაღაც ახალს ისწავლი. სწორედ ამიტომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში TBC IT აკადემიაში Front-End-ის კურსს ვატარებდი, სადაც მსურველები JavaScript-ს, HTML-სა და CSS-ს შეისწავლიდნენ. რაც ამ პროცესმა თავად მე მასწავლა არის ის, რომ საჭიროა მაქსიმალურად შეეცადო ისეთი ასპექტებითაც დაინტერესდე, რითაც შენ თვითონ არასდროს დაინტერესებულხარ მანამდე”. – დავით მარჯანიძე Front-End დეველოპერი.
გარდა ამისა, სწავლების პროცესი, ხშირად ისეთ რამეებსაც აღმოგვაჩენინებს, რაზეც აქამდე არ გვიფიქრია:
“ჩემი მენტორობისა და ლექტორობის კარიერა საკმაოდ დიდი გამოცდილების მომცემ გზას მოიცავს. პირველად, კომპანია ITDC-ში გადავწყვიტეთ ტრენინგ ცენტრის გაკეთება, სადაც front-end დეველოპმენტის სწავლება დავიწყეთ, რასაც მოჰყვა back-end დეველოპმენტის კურსიც. საბოლოოდ, 250-ზე მეტი კურსდამთავრებულის ხილვის შემდეგ, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან პირველი ორი ჯგუფიდან რამდენიმე ადამიანი, ისევ ITDC-ში დასაქმდა და ბევრი მათგანი, დღეს, წარმატებული ვებ დეველოპერია.
ჩემთვის მთავარი მიგნებაა, რომ სწავლების პროცესი ბევრ სხვა საინტერესო აღმოჩენასთან ერთად, გაჩვენებს იმას, რომ რაც არ უნდა ბევრ ადამიანს გადასცე შენი ცოდნა და ვიღაცისთვის წარმოადგენდე კომპეტენციის წყაროს, პროცესში აუცილებლად ხვდები, რომ თავადაც ბევრი გაქვს სასწავლი და ერთ დღესაც იაზრებ, რომ ეს პროცესი უსასრულოა.” – ოთარ წილოსანი, Area Chapter Lead.
ერთი სიტყვით, პროგრამირება ის სფეროა, სადაც ყოველდღიურად შეიძლება რაღაც ახალი შეიქნას და დამკვიდრდეს, სწორედ ამიტომ, როგორც ომარი, TNET-ის Front-End ლიდი გვეუბნება, აქ მუდმივი ზრდის შესაძლებლობა გაქვს:
“იმის პარალელურად, რომ პროგრამირება ძალიან მზარდი დარგია, დღევანდელობაში, დამწყები პროგრამისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ტექნოლოგიების არჩევა და მორგებაა. ამიტომაც, ვფიქრობ, მომავალში სხვადასხვა პლატფორმებზე მენტორობის მხრივ მეტად გავაქტიურდე და ხალხს დაგროვილი ცოდნა გავუზიარო და შედეგად, მაქსიმალურად გავარკვიო და გავუმარტივო გადაწყვეტილების მიღება.” – ომარ შირინიანი, Frontend Chapter Lead.
ომარი წარმატებით ხელმძღვანელობდა Google Student Club-ს და ასევე, ასწავლიდა ევროპის უნივერსიტეტში Google-ის ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Fluter, Firebase. ამ ეტაპზე, მსურველს სიამოვნებით გაუზიარებს თავის ცოდნას React Js, Next Js, Redux, Typescript მიმართულებით.
სწორედ ეს ტექნოლოგიური მიმართულებები განაპირობებენ და ერთგვარად, გვკარნახობენ მომავალს, რასაც ფეხი უნდა ავუწყოთ. ამ გზაზე კი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო IT ოპერაციები და სერვისებია:
“მომავალი ყოველთვის არ არის ის რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს, თუმცა მისი შენება აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჩემთვის, მომავლის შენება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში წარმატება და უფრო და უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმაა, რაც ამ ეტაპზე TNET-ის გუნდთან ერთად ყველაზე თანამედროვე ოპერაციების განხორციელებასა და დანერგვას გულისხმობს. ამ გზაზე, უმთავრესია საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მიიტანო სხვებთან, ამიტომაც ვასწავლიდი კომპიუტერულ ქსელურ ინჟინერიას საქართველოს უნივერსიტეტში და ვცდილობდი სტუდენტებისთვის ის ცოდნა მიმეცა, რომელიც უძლებს და ზოგჯერ, უსწრებს კიდეც დროს.” – გიორგი წიქარიშვილი – Head of IT Operations and Service Delivery.