თუ ტექნოლოგიური სამყარო გაინტერესებთ, TNET-ის გუნდში ბევრ ისეთ მიმართულებას წააწყდებით, რომელზეც უკვე გსმენიათ, თუმცა ამ ბლოგით გვინდა მოგიყვეთ უფრო მეტი ძალიან საინტერესო პროფესიებისა და კიდევ უფრო საინტერესო ადამიანების შესახებ რომლებიც საკუთარ ცოდნას სხვებს უზიარებენ:
ელენა უკვე მრავალი წელია, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით მუშაობს. ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება, მას, გუნდის ჭრილში, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებასა და არსებული საჭიროებების სწორად განსაზღვრაში ეხმარება, რაც კომპანიის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“ჩემი პროფესიის ბირთვი ინფორმაციული ტექნოლოგიებია. ამ მიმართულებით, სხვადასხვა პოზიციაზე მრავალწლიანმა მუშაობამ და შესაბამისად, საჭირო გამოცდილების დაგროვებამ, განაპირობა ის, რომ დღეს TNET-ის ტექნიკურ პროექტებს ვმართავ, რაც ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.
სწორედ იმის გაანალიზება, რომ ჩემი საქმით რაღაც ძალიან დიდის ნაწილი ვარ და შესაძლებლობა მაქვს კოლეგებსა თუ უბრალოდ ადამიანებს ყოველდღიურობა გავუმარტივო, ჩემი საქმის მიმართ დიდ სიყვარულსა და მუდმივად მზარდ მოტივაციას განაპირობებს.” – ელენა მარიამიძე, Product Owner
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ალბათ უკვე მიხვდით, საკმაოდ ინტენსიური საქმიანობითაა დაკავებული, ელენა მაინც პოულობს დროს, თავისი ცოდნა მომავალ თაობებს გაუზიაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU). ის უკვე წელიწად ნახევარია, რაც IT პროექტების მართვის ლექტორია და მისი სტუდენტების რაოდენობა 150-ს სცდება. სწავლების პროცესმა სხვა ადამიანებისთვის ცოდნის გაზიარებისა და მათი ინტერესების წახალისების პროცესი ძალიან შეაყვარა, ამიტომ, როგორც ამბობს, არც სამსახურში დაიზარებს ნებისმიერი ადამიანის დახმარებას, ვისაც მისი საქმიანობა აინტერესებს და ამ კუთხით, განვითარება სურს:
“ჩემთვის, ძალიან დიდი მოტივაციაა თითოეული წარმატებული და ჩემი საგნით კმაყოფილი სტუდენტის ხილვა. მათთან ურთიერთობით ბევრი რამ ვისწავლე და ახალ სირთულეებსაც შევეჭიდე, მაგალითად, ერთდროულად ბევრი სტუდენტის ჩართულობისა და ინტერესის გამოწვევას. გარდა ამისა, ინფორმაციის გაზიარების პროცესში გიწევს ინდივიდუალურად მიაქციო ყურადღება მსმენელს, რომ დააინტერესო თემით. თითოეული ადამიანისთვის უნდა განსაზღვრო კონკრეტულ საკითხში ვის რა ცოდნა და აღქმა აქვს, რომ ამის მიხედვით, შესაბამისი ინფორმაცია, მიაწოდო, რაც ცხადია დიდ ენერგიას მოითხოვს.
ამ პროცესში შემიყვარდა და რაც მთავარია, ძალიან დავაფასე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ამავდროულად, აუდიტორიისაგან განსხვავებული ქეისების მოსმენა, რაც მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად მაძლევს განვითარების შესაძლებლობას.
სწორედ ამიტომ, სურვილის შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს ცოდნას კოლეგებს, რომლებიც პროექტებისა და პროდუქტების მართვის მიმართულებით არიან დაინტერესებული, იქნება ეს თეორიული, თუ პრაქტიკული ნაწილი, რომელიც სხვადასხვა მეთოდოლოგიასა და მიდგომას მოიცავს, მაგალითად, plan-driven, change-driven თუ hybrid.”
მართვისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების კუთხით, TNET-ში ძალიან მნიშვნელოვან როლს კომპანიის Agile სტრუქტურა თამაშობს. ამ კუთხით, თინეთს გიორგი მიქაცაძე, Agile ტრანსფორმაციის ლიდი აძლიერებს, მისი ისტორია კი შემდეგია:
“მაღალტექნოლოგიურ სტარტაპზე რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა, ჩემში, დიდ ინტერესსა და სიამოვნების შეგრძნებას იწვევდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ჩემი კარიერული კონტურის მონახაზის შექმნა. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც ჩემი ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს ვიხსენებ, ზოგჯერ, ვფიქრობ, რომ ეს პროფესია მხოლოდ მე არ ავირჩიე, არამედ მანაც ამირჩია.” – გიორგი მიქაცაძე, Agile Trasformation Lead
გიორგის, თავდაპირველად, რეკომენდაცია გაუწიეს Scrum Master/IT Project Manager-ის პოზიციაზე მაშინ, როცა საქართველოში პირველად ინერგებოდა Agile მეთოდოლოგია, მაშინ, როგორც თავად გვიყვება, ამ პროფესიის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ გასაუბრებამდე ინტერნეტში ძიების საფუძველზე შეიტყო საინტერესო და აქამდე უცნობი დეტალები. ინტერვიუზეც სრულად გულწრფელმა განაცხადა ამის შესახებ და სწორედ აქედან იწყება ის დიდი მოგზაურობა, რამაც საბოლოოდ, თინეთის გუნდში მოიყვანა.
“იმის გათვალისწინებით, რომ იყო დრო, როცა მეც ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდი, თუმცა ინტერესი დიდი მქონდა, სიამოვნებით დავეხმარები ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მეტის ცოდნისა და ახალი უნარების შეძენის სურვილი აქვს. ეს ძალიან დასაფასებელი თვისებაა. ვფიქრობ, პირველ რიგში, ცნობისმოყვარეობა და განვითარების სურვილი გვეხმარება მივაღწიოთ წარმატებას. ამიტომაც, თამამად შეუძლია მომმართოს ნებისმიერმა კოლეგამ, რომელსაც Agile, Product/Startup Development-ზე და მასთან დაკავშირებულ სამყაროზე მეტის გაგება სურს.”
ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ გიორგი უკვე თითქმის ორი წელია სალექტორო საქმიანობასაც ითავსებს 200-მდე სტუდენტს Agile, Scrum და Kanban მიმართულებით უღრმავებს ცოდნას. ამ მხრივ, მისთვის მთავარი გამოწვევაა სტუდენტის ინტერესის გაღრმავება და არა პირიქით, ვინაიდან მიაჩნია, რომ მენტორობა პეპლის ეფექტივითაა:
“მენტორის მცირე და არასწორმა, თუმცა ფუნდამენტურმა გადახვევამ, ადამიანი, რომლის მენტორიც ხარ, შეიძლება საერთოდ მოაშოროს ზემოხსენებულ საგანს, თუ შენ არასწორ სამოტივაციო სქემასა და მასტიმულირებელ ფაქტორებს შესთავაზებ. თუმცა, იმდენად დიდი ბედნიერებაა გქონდეს შესაძლებლობა, რომ შენი ცოდნა სხვებს გაუზიარო და ამით რაღაც კარგი გააკეთო, რომ დღის ბოლოს, ყოველი გამოწვევა გამართლებული რისკია.
საბოლოო ჯამში, მენტორობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ვინაიდან შენამდე მოსულ ადამიანს შენი იმედი აქვს და შენგან მოელის სწორი ორიენტირის გაჩენას, პრიორიტეტული აქცენტების დასმას, სხვადასხვა უნარ-ჩვევების სტიმულირებას. რაც მთავარია, ცოდნის გაზიარებას ისე, რომ ამან ყველაზე ეფექტურად მიაღწიოს მის საჭიროებებამდე და შესაბამისად, ზუსტად აქტუალურ “წერტილში მოარტყა”.
ახალ სამყაროსთან ურთიერთობა, agile მიმართულებასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან ერთად, ისეთ საჭირო და გარდაუვალ სფეროსაც მოიცავს, როგორიც პროგრამირება და მისი ენებია. ამ კუთხით, TNET-ის გუნდს არაერთი პროფესიონალი ადამიანი ქმნის, რომელთაც კარგად დასახული მიზნები და დიდი წარმატების მოპოვების სურვილი ამოძრავებთ, საითკენ მიმავალ გზაზეც, მზად არიან, ხელი სხვებსაც უანგაროდ გაუწოდონ:
“ვფიქრობ, თინეთში დასაქმებულ ადამიანებს ბევრი ინდივიდუალური თვისება გვაქვს, თუმცა ერთი, რაც ნამდვილად გვაერთიანებს, არის ის უმთავრესი ღირებულება, რომელიც გვახვედრებს, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება იმ ადამიანებთან ერთად წინ გადადგმული ნაბიჯებია, რომლებიც შენთან ერთად რაღაც ძალიან კარგს ქმნიან. სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, მზად ვარ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ყველას, ვისაც JS / React აინტერესებს და მიაჩნია, რომ ამ ენების დაუფლება მას ოდნავ მაინც რამეში დაეხმარება და საკუთარი უნარების რეალიზების საშუალებას მისცემს. ზუსტად ვიცი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, იმავე მხარდაჭერას მეც ნებისმიერი კოლეგისგან მივიღებ. “ – გიორგი არტენიან, Front-End Developer
გიორგის, განსაკუთრებით, შემოქმედების პროცესი, არქიტექტურა და დინამიკა ხიბლავს. იმაზე ფიქრი, რომ საათობრივი ძიების, შრომისა და განხილვის საფუძველზე, შეუძლია შექმნას ის, რაც აქამდე არ არსებობდა, დროთა განმავლობაში, მოტივაციის მთავარ წყაროდაც იქცა და დააფიქრა იმაზე, რომ მას იმავე ინსპირაციის მიცემა სხვებისთვისაც შეეძლო. სწორედ აქედან, გიორგის ახალი გამოწვევა – სალექტორო კარიერა იწყება:
“რეალურად, სწორედ იმაზე ფიქრმა, რომ ჩემი ცოდნის გაზიარებით სხვების მნიშვნელოვნად დახმარება შემიძლია, განაპირობა ის, რომ უკვე ლექტორობასაც ვითავსებ. ლექტორობა წელს დავიწყე და ამ დრომდე, ორი ჯგუფი მყავდა. ამ დროის განმავლობაში, მივხვდი იმას, რომ არ არსებობს ცუდი მოსწავლე, არამედ არსებობს ცუდი მასწავლებელი. სწორედ ამიტომ, ჩემი როგორც მენტორის გამოწვევაა ვიპოვო ინდივიდუალური და სწორი მიდგომა. ვფიქრობ, ჩვენთვის, ადამიანებისთვის წარმატების ზღვარი არ არსებობს, ამიტომაც მსურს, ჩემმა მოსწავლეებმა უსაზღვრო წარმატებას მიაღწიონ.”
როცა პროგრამირებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ვინც TNET-ის მრავალფეროვანი გუნდიდან აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ილია ტორუაა, რომელსაც ჩვენთვის დახმარების გაწევა Data Analytics, Data Science, AI, ML, Big Data, Data Engineering, Cloud Computing (AWS, GCP), Data Warehousing, Data Architecture, Data Governance, Data Mesh, Enterprise Architecture, Design Patterns, Serverless, Data Modeling, Python, Scala, Java მიმართულებით შეუძლია.
“სფეროს სწრაფი ცვალებადობა, რომელიც მუდმივი განვითარების გზით ადაპტაციასა და ბიზნესისთვის მუდმივად რელევანტური შესაძლებლობების შექმნას მოითხოვს, არის მიზეზი, თუ რატომაც ავირჩიე ჩემი პროფესია. ის საქმიანობაც, რითაც დაკავებული ვარ, სულ რაღაც ახლის შექმნასა და სწავლებაზეა ორიენტირებული, სხვაგვარად ჩემი ყოველდღიურობა უკვე დიდი ხანია წარმოუდგენლად მეჩვენება. ესაა ჩემი გზა, ფეხი ავუწყო თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პროცესებს.” – ილია ტორუა, Technical Lead
გარდა ამისა, ბოლო დროს, ილია აქტიურადაა ჩართული სხვების განათლების ამაღლებაშიც და GAU-ში “Introduction to Python Programming Language” და “Advanced Python Programming” კურსებს ხელმძღვანელობს. ამ გზით, მას შესაძლებლობა აქვს, სტუდენტებს საკუთარ შეცდომებზე სწავლით დაგროვილი გამოცდილება გაუზიაროს. მისთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა მოსწავლეს ინტერესის სფეროს განსაზღვრაში დაეხმაროს და შემდგომი სპეციალიზაცია სწორად შეარჩევინოს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბედნიერების ერთ-ერთი წყაროა ის, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში სიყვარულით ვაკეთებთ.
“როცა ვიცი, რომ ამ სფეროში, დამწყები ადამიანის, ამ შემთხვევაში, სტუდენტის წარმატება დაკავშირებულია მის პირველ ნაბიჯებთან, უფრო მეტი მოტივაცია მიჩნდება, რომ მათ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო და ამ გზით, დიდი მწვერვალებისაკენ მიმავალ ბილიკზე გავაცილო.”
მათ კი, ვისაც დიზაინ მიმართულებებიც გაინტერესებთ, დროა ლევან გეჯაძე გაგაცნოთ, რომელიც TNET-ში UX Chapter Lead-ის პოზიციას იკავებს. ლევანი მზადაა UX/UI-სთან დაკავშირებით, თქვენს ნებისმიერ კითხვას უპასუხოს და გარდა ამისა, სიამოვნებით დაგეხმარებათ ისეთი სახალისო აქტივობების ორგანიზებაშიც, როგორიც საქართველოს მასშტაბით გასვლითი საფეხმავლო ტურების მოწყობაა. ლევანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში, კერძოდ, მისი გატაცება და ჰობი საფეხმავლო გიდობაა, რისი მეშვეობითაც პროფესიონალურ დონეზე შეისწავლა და მრავალჯერ აღასრულა სამოგზაურო, სათავგადასავლო მარშრუტების შერჩევისა და დაგეგმვის პროცესი. ახლა კი, მის მთავარ საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ:
“ვებდიზაინმა და მისმა “გაცოცხლებამ” ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მიმიზიდა. დროთა განმავლობაში კი უფრო და უფრო დავრწმუნდი, რომ ეს სფერო მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას განიცდის, რაც ჩემს სიახლეებისადმი ლტოლვას სრულად აკმაყოფილებს. რაც მთავარია, მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობით ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ვცვლი, რაც ყველაზე დიდი მოტივაციის წყაროა.
ამასთან ერთად, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. სწორედ ამ მიზეზისა და იმის გათვალისწინებით, რომ ვებდიზაინში ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე, გადავწყვიტე ჩემი ცოდნა სხვა ადამიანებისთვისა გამეზიარებინა და წელს, ჩემს პირველად პროფესიას, ლექტორობაც შევუთავსე. კერძოდ, OL Academy-ში UX/UI დიზაინს ვასწავლი. ჩემთვის, იყო მენტორი, ნიშნავს დაუზარებლად გაუზიარო ადამიანს შენი ცხოვრებისეული, თუ კარიერული გამოცდილებები, რაც მას უკეთესობისკენ სწრაფვაში დაეხმარება. ამ მხრივ, დიდ სიხარულს მანიჭებს იმაზე ფიქრი და იმის დანახვა, რომ სხვების დახმარება და მათი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაყენება შემიძლია.” – ლევან გეჯაძე, UX Chapter Lead