ბლოკჩეინის ტექნოლოგია, რომელიც ხშირად კრიპტოვალუტებთან ასოცირდება, 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ ინოვაციად იქცა. ფართო საზოგადოებებზე, ნაკლებად ცნობილია ბლოჩეინის მეორე, ფინანსებს მიღმა არსებული მხარე, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი სოციალური სიკეთეების წახალისების კუთხით აქვს. მარგინალიზებული საზოგადოებების გაძლიერებიდან დაწყებული, საჯარო მმართველობაში გამჭვირვალობის ხელშეწყობით დამთავრებული, ბლოკჩეინი ხელახლა განსაზღვრავს, თუ როგორ ურთიერთობენ ინდივიდები და საზოგადოება ძალაუფლების მქონე სტრუქტურებთან.
ბლოკჩეინის პოტენციალი სოციალური სიკეთისთვის
თავისი არსით, ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული, განაწილებული მონაცემების სისტემაა, რომელიც მრავალ კომპიუტერს შორის, ტრანზაქციებს აღრიცხავს. ეს სტრუქტურა მონაცემებით კონსენსუსის გარეშე მანიპულირებას ან მათ შეცვლას თითქმის შეუძლებელს ხდის, რაც ციფრული ურთიერთქმედებისას უპრეცედენტო გამჭვირვალობას, უსაფრთხოებასა და ნდობას უზრუნველყოფს.
ის, რაც ბლოკჩეინს სოციალური სიკეთისთვის რევოლუციურ ინსტრუმენტად აქცევს, მისი დეცენტრალიზაციაა. ტრადიციული სისტემებისგან განსხვავებით (ბანკები, მთავრობები ან მსხვილი კორპორაციები), ბლოკჩეინი არ საჭიროებს შუამავლების არსებობას, რაც აძლიერებს საზოგადოებებს, ვინაიდან მათ ანიჭებს პირდაპირ კონტროლს საკუთარ აქტივებზე, მონაცემებსა და გადაწყვეტილებებზე.
1. ფინანსური ინკლუზიურობა
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ბლოკჩეინი გავლენას ახდენს, ფინანსური ინკლუზიაა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში 1,7 მილიარდზე მეტი ზრდასრული ადამიანი ბანკის მომსახურებისა და სერვისების გარეშე რჩება. ტრადიციული ფინანსური სისტემები, ხშირად, ინდივიდებს გეოგრაფიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ბარიერების გამო, თავისი სერვისებით სარგებლობის საშუალებას არ/ვერ აძლევს. ბლოკჩეინი სწორედ ამ დინამიკას ცვლის და ადამიანს საშუალებას აძლევს განახორციელოს ფინანსური ტრანზაქციები საჭიროების გარეშე.
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმები ინდივიდებს საშუალებას აძლევს აიღონ სესხები, გააკეთონ დანაზოგები და შეიძინონ სადაზღვევო პროდუქტები შუამავლების გარეშე. ეს განსაკუთრებით მომგებიანია ისეთ რეგიონებში, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურის სერვისების ღირებულება მაღალია ან, სადაც პოლიტიკური არასტაბილურობა ტრადიციულ ფინანსურ სისტემებს არასანდოს ხდის. ბლოკჩეინის საშუალებით, საზოგადოებებს შეუძლიათ შექმნან დეცენტრალიზებული ეკონომიკა, რომელიც გარე ცვლილებების მიმართ, უფრო მდგრადია.
2. გამჭვირვალე და სამართლიანი მმართველობა
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მთავრობებსა და სხვადასვხა ინსტიტუტში გამჭვირვალობის ნაკლებობა და კორუფცია შეინიშნება. ბლოკჩეინი შეიძლება მძლავრი ინსტრუმენტი გახდეს ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად და საჯარო რესურსების დანიშნულებისამებრ გამოყენების უზრუნველსაყოფად.
მაგალითად, მთავრობებს შეუძლიათ ბლოკჩეინი გამჭვირვალე ხმის მიცემის სისტემების შესაქმნელად გამოიყენონ. უცვლელ ბლოკში ხმების ჩაწერით, ბლოკჩეინი უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას. გარდა ამისა, ბლოკჩეინის მიკვლევადობას შეუძლია ხელი შეუწყოს საჯარო სახსრების განკარგვის უშეცდომოდ მეთვალყურეობას, რაც კორუმპირებულ საჯარო პირებს მოქმედების არეალს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს.
ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია Bitland, რომელიც ბლოკჩეინს განაში მიწის უფლებების უზრუნველსაყოფად იყენებს. ქვეყნებში, სადაც მიწის საკუთრების ჩანაწერები ხშირად მანიპულირებადი მონაცემი იყო, ბლოკჩეინი გამჭვირვალე და უსაფრთხო გადაწყვეტაა მიწის საკუთრების დოკუმენტაციის წარმოებისა და გადამოწმებისთვის, რაც მოსახლეობას მიწის უკანონო მიტაცების თავიდან არიდებაში ეხმარება.
3. ლტოლვილთა და დევნილთა გაძლიერება
ბლოკჩეინი, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებაში გამოიყენება. ამჟამად, ბევრი ლტოლვილია წვდომას მოწყვეტილი ისეთ აუცილებელ სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, რაც უმეტესად სამართლებრივი დოკუმენტაციის არარსებობითაა განპირობებული. ვინაიდან, ბლოკჩეინს შეუძლია პერსონალური მონაცემების ჩანაწერები დეცენტრალიზებულ სისტემაში შეინახოს, ინდივიდებს საშუალება ეძლევათ შეინარჩუნონ კონტროლი თავიანთ მონაცემებზე.
მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) ბლოკჩეინზე ექპსერიმენტებს ახორციელებს პროექტში, რომელსაც ეწოდება “Building Blocks”. პროგრამა ირლანდიაში ლტოლვილთა საკვებით დახმარებას უზრუნველყოფს. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით, WFP-მ შეძლო საკვების განაწილების გამარტივება და თაღლითობის აღმოფხვრა, რაც პირველ რიგში სწორედ მათთვისაა სასიკეთო, ვისაც ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
4. დეცენტრალიზებული თემებისა და ციფრული იდენტობის ხელშეწყობა
კიდევ ერთი სფერო, სადაც ბლოკჩეინი ნამდვილ საზოაგდოებრივ სარგებელს ქმნის, დეცენტრალიზებული საზოგადოებების შექმნა და ციფრული იდენტობის შეთავაზებაა. ტექნოლოგია ინდივიდებისთვის შესაძლებელს ხდის შექმნან და მართონ საკუთარი იდენტობა ცენტრალურ ხელისუფლებაზე დაყრდნობის გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პოპულაციებისთვის, რომლებსაც ოფიციალური იდენტიფიკაციის ხელსაწყოები არ გააჩნიათ, მაგალითად, როგორიცაა ზოგერთ ქვეყანაში სოფლად ან მარგინალიზებულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა.
დღეს, ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმების საშუალებით, ინდივიდებს შეუძლიათ საზოგადოების მმართველობის სხვადასხვა ფორმაში ჩაერთონ. DAOstack-ის მსგავსი პროექტები დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებს (DAO) ქმნიან, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევს რესურსების მართვის გადაწყვეტილებები, ცენტრალური მმართველობის ორგანოს გარეშე, კოლექტიურად მიიღონ. ეს დეცენტრალიზებული საზოგადოებები ხელს უწყობს ინკლუზიურობის არსებობას, რაც ყველას აძლევს საშუალებას ჩართული იყოს მართვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.