თანამედროვე გამოწვევები თანამედროვე გადაწყვეტებს მოითხოვს. ამიტომაც, გასაკვირი სულაც არ არის, ხელოვნური ინტელექტის (AI) უწყვეტი განვითარება სულ უფრო მეტად აჩენს იმედს, რომ ის გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მაგალითად, AI უკვე გამოიყენება ძლიერმოქმედი სათბურის აირების ემისიების მონიტორინგისათვის.
თუმცა, ტექნოლოგიის სარგებელთან ერთად, აშკარა ხდება მისი უარყოფითი ეკოლოგიური ზემოქმედებაც. სულ უფრო და უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ AI-ის ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება სერიოზულ ზეწოლას ახდენს გარემოზე.
როგორ მოქმედებს AI გარემოზე?
AI-ის სერვერები, როგორც წესი, მონაცემთა ცენტრებში ინახება, რომლებიც ელექტრონულ ნარჩენებს წარმოქმნიან და ხშირად, ისეთ ტოქსიკურ ქიმიკატებს შეიცავენ, როგორიცაა ტყვია და ვერცხლისწყალი. ეს ცენტრები კოლოსალური რაოდენობას ელექტროენერგიას მოიხმარენ, რაც სათბურის აირების გაფრქვევას იწვევს. ამასთანავე, მათ დიდი მოცულობით წყალი ესაჭიროებათ როგორც მშენებლობისთვის, ისე ელექტრონული კომპონენტების გაგსაგრილებლად. პროგნოზის მიხედვით, 2027 წლისთვის AI მოიხმარს 4.2–6.6 მილიარდ კუბურ მეტრ წყალს — უკეთ რომ წარმოიდგინოთ, ეს ციფრი აღემატება ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, დანიის წლიურ წყლის მოხმარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ეკონომიკა, ხშირად, ვირტუალურ სამყაროში არსებულად აღიქმება, რეალურად, იგი ფიზიკურ რესურსებსა და ნედლეულზეა დამოკიდებული. ციფრული მოწყობილობები, ტექნიკა და ინფრასტრუქტურა მზადდება პლასტმასის, მინის, კერამიკის, ასევე სხვადასხვა მინერალისა და მეტალისგან. მონაცემთა ცენტრები იშვიათ მინერალებსა და ელემენტებს შეიცავენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, არამდგრადად მოიპოვება. მაგალითად, მხოლოდ ერთი 2-კილოგრამიანი კომპიუტერის წარმოებას, დაახლოებით, 800 კილოგრამი ნედლეული სჭირდება.

AI-ის გავლენა ენერგომოხმარებაზე
AI-ზე დაფუძნებული პლატფორმები, როგორიცაა ChatGPT, გაცილებით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე ტრადიციული საძიებო სისტემები. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ერთი ChatGPT-ის მოთხოვნა ათჯერ მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს, ვიდრე Google-ის ძიება. ერთი სტანდარტული მოთხოვნის ღირებულება, დაახლოებით, 0.36 ცენტია.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს AI-ისა და მანქანური სწავლის წილი გლობალურ ენერგომოხმარებასა (<0.2%) და სათბურის აირებში (<0.1%) მცირე იყო, ეს მაჩვენებელი სწრაფად იზრდება. მაგალითად, Meta-ში AI ტრენინგზე და ინფერენციაზე მოთხოვნა წლიურად 100%-ზე მეტით იმატებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დაბალნახშირბადიანი ენერგიის წყაროების გამოყენება, რათა შემცირდეს ეკოლოგიური ზემოქმედება.
პროგრამული და ტექნიკური ციკლის ზეგავლენა
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა რეკომენდაციას გასცემს, რომ ხელოვნური ინტელექტის ეკოლოგიური გავლენის შეფასება მოხდეს პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის ციკლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე.
- პროგრამული ციკლი მოიცავს: მონაცემების შეგროვებას, მოდელის აგებას, ტრენინგს, ტესტირებას, ინფერენციას, შენარჩუნებასა და სისტემიდან ამოღებას.
- ტექნიკური ციკლი მოიცავს: ნედლეულის მოპოვებას, მოწყობილობების წარმოებასა და ტრანსპორტირებას, მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, ტექნიკური მოვლას და ელექტრონული ნარჩენების უტილიზაციას.
ეს პროცესები, თითოეულ ეტაპზე, მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზემოქმედებას იწვევს — იქნება ეს ენერგიისა და წყლის მოხმარება, თუ ნარჩენებისა და გამონაბოლქვის წარმოქმნა.
თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის საერთო ეკოლოგიური ზეგავლენა, ხშირად პირდაპირი და არაპირდაპირი კატეგორიებით განისაზღვრება.
პირდაპირი ზეგავლენა — სათბურის აირების გაფრქვევა, ენერგო- და წყლის მოხმარება, მინერალების მოპოვება, დაბინძურება და ელექტრონული ნარჩენების წარმოქმნა.
არაპირდაპირი ზეგავლენა — AI აპლიკაციებისა და მანქანური სწავლის პროცესებიდან წარმოქმნილი სათბურის აირები.
შეიძლება თუ არა, რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს გამოსავალი?
მიუხედავად იმისა, რომ AI-ს გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს, მას ასევე აქვს პოტენციალიც, საკუთარი ეკოლოგიური კვალი შეამციროს. AI-ალგორითმებს მონაცემებში შაბლონების ამოცნობა, ანომალიების დაფიქსირება და შედეგების პროგნოზირება შეუძლიათ. AI შესაძლოა გარემოს ცვლილებების მონიტორინგსა და უფრო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში გამოვიყენოთ. AI-ს, ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციების დაჩქარებას, რაც თავის მხრივ, მდგრადი გადაწყვეტილებების დანერგვას გახდის შესაძლებელს.
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის 2024 წლის „კლიმატის ტექნოლოგიების პროგრესის ანგარიშის“ მიხედვით, AI სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს განახლებადი ენერგიის პოტენციალის რუკის შედგენაში, ეფექტიანობის ოპტიმიზაციასა და სხვა სექტორებთან (როგორიცაა სოფლის მეურნეობა) კავშირების გაძლიერებაში.

რა კეთდება AI-ის ეკოლოგიური ზემოქმედების შესამცირებლად?
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობა და საერთაშორისო ორგანიზაციები, ხელოვნური ინტელექტის ეკოლოგიური კვალის შესამცირებლად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ. გაეროს სისტემაში შემავალმა 190-ზე მეტმა ქვეყანამ დაამტკიცა UNESCO-ს რეკომენდაციები ხელოვნური ინტელექტის ეთიკის შესახებ, რომელიც AI-ის ეთიკურ გამოყენებასა და მის გარემოზე ზემოქმედებას ეხება. ევროკავშირმა მიიღო AI-ის აქტი — საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არეგულირებს AI-ის ეკოლოგიურ გავლენას.
AI-ისგან გამოწვეული ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა რეკომენდაციას გასცემს, რომ:
- ქვეყნებმა შეიმუშაონ სტანდარტიზებული მეთოდები AI-ის ეკოლოგიური კვალის გასაზომად;
- მთავრობებმა დააწესონ რეგულაციები, რომლებიც კომპანიებს ავალდებულებს გამოაქვეყნონ AI-ზე დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისების გარემოზე ზემოქმედების მონაცემები;
- ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები უფრო ენერგოეფექტიანად აქციონ, რათა შემცირდეს ენერგომოხმარება და წყლის მოხმარებისას კი, გამოიყენონ მისი გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების ტექნოლოგიები;
- ქვეყნებმა წაახალისონ ორგანიზაციები, რომ მათ თავიანთ მონაცემთა ცენტრებში განახლებადი ენერგია და ნახშირბადის კომპენსაციის მექანიზმები თგამოიყენონ.
რაც მთავარია, AI-თან დაკავშირებული პოლიტიკა უნდა ინტეგრირდეს ფართო გარემოსდაცვით რეგულაციებში, ვინაიდან მხოლოდ სისტემური მიდგომების წყალობით გახდება შესაძლებელი იმ უარყოფითი კვალის შემცირება, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიების უკონტროლო გამოყენება იწვევს.