მეორეული ნივთების ახალი სიცოცხლე: როგორ ეხმარება ყიდვა-გაყიდვა ეკოლოგიური გადაწყვეტილებების წახალისებას?

დღეს ნივთების ყიდვა უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე. ახალი ტელეფონი, ლეპტოპი, მაცივარი, ავეჯი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი რამდენიმე წამში, სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია შევიძინოთ. თუმცა, რაც უფრო სწრაფად ვცვლით ნივთებს ახლით, მით უფრო იზრდება წარმოება, რესურსების მოხმარება და ნარჩენების რაოდენობაც.

მსგავსად აქტიური კონსუმერიზმის ფონზე, მეორეული ნივთების ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ თანხის დაზოგვის საშუალება აღარ არის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა, რომ ნივთებს სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ და გარემოზე ჩვენი ყოველდღიური ზეგავლენა შევამციროთ.

ახალი სახლი ძველი ნივთისთვის

ხშირად ნივთს იმიტომ ვცვლით, რომ ახალი გვინდა და არა იმიტომ, რომ ძველი თავის მოვალეობას ვეღარ ასრულებს.

მაგალითად, რამდენიმე წლის წინ შეძენილი ლეპტოპი შესაძლოა ჩვენთვის უკვე აღარ იყოს საკმარისად სწრაფი, თუმცა სრულიად გამოდგებოდეს ადამიანისთვის, რომელსაც ის სწავლებისას მარტივი დოკუმენტების მოსამზადებლად, ინტერნეტში კვლევისათვის ან ყოველდღიური საოფისე სამუშაოსთვის სჭირდება. მსგავსი პრინციპი მუშაობს ტელეფონის, ტელევიზორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის და უამრავი სხვა ნაწარმის შემთხვევაში.

როდესაც ასეთ ნივთს ვყიდით ან სხვას გადავცემთ, მისი სიცოცხლის ციკლი გრძელდება. შესაბამისად, იგი ნაგავსაყრელზე უფრო გვიან ხვდება და ახალ ნივთზე მოთხოვნაც მცირდება, რაც თავისთავად ამცირებს რესურსების არასაჭირო გამოყენებას.

რეალურად, სწორედ ამ პრინციპზე დგას „წრიული ეკონომიკა“, სადაც რესურსების ეფექტიანი გამოყემნებისთვის, ამომავალი წერტილია პროდუქტის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება, მისი შეკეთება, ხელახლა გამოყენება, გაყიდვა და მხოლოდ ამის შემდეგ გადამუშავება.

ელექტრონული ნარჩენი, როგორც პლანეტის განსაკუთრებული პრობლემა

ელექტრონიკა მსოფლიოში ნარჩენების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორიაა.

ძველი ტელეფონი ან ლეპტოპი უბრალოდ პლასტმასისა და მინისგან არ შედგება. ამ მოწყობილობებში, ხშირ შემთხვევაში, გვხვდება სპილენძი, ალუმინი, კობალტი, ლითიუმი და მცირე რაოდენობით ძვირფასი ლითონებიც, მათ შორის ოქრო და ვერცხლი.

ზემოთ ჩამოთვილილი მასალების მოპოვებისთვის კი შესაბამის გარემოსდაცვით ფასს ვიხდით – წიაღისეულის მოპოვება, დიდი რაოდენობით ენერგია, წყალი, ტრანსპორტირება და შემდგომი წარმოება.

ამიტომაც, კარგად მომუშავე მოწყობილობის სიცოცხლის კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

სწორედ აქ, ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო კონცეფცია, რომელსაც ურბანულ მოპოვებას (urban mining) ეძახიან.

ტრადიციული მოპოვების დროს, საჭირო ლითონებს ბუნებრივი საბადოებიდან მოიპოვებენ. Urban mining-ის შემთხვევაში კი ღირებული მასალების წყარო უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში არსებული ნივთებია – ძველი ტელეფონები, კომპიუტერები, ბატარეები და სხვა ელექტრონიკა. ვინაიდან, ძველი მოწყობილობების სპეციალური გადამუშავებისას შესაძლებელია მათში არსებული სპილენძის, ოქროს, ვერცხლისა და სხვა მასალების ნაწილის კვლავ გამოყენება.

ამიტომ ელექტრონული ნარჩენი ყოველთვის მხოლოდ „ნაგავი“ არ არის, არამედ ხშირად, ის საკმაოდ ღირებული რესურსების ერთგვარი საწყობია.

თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი: თუ ნივთი ჯერ კიდევ მუშაობს, მისი ხელახლა გამოყენება ხშირად უფრო ლოგიკური პირველი ნაბიჯია, ვიდრე მისი დაუყოვნებლივ დაშლა და გადამუშავება.

როგორ შევამციროთ ახალი წარმოების საჭიროება?

გავლენა გარემოზე, რომელსაც ახალი პროდუქტი წარმოქმნის, რეალურად მხოლოდ მისი მაღაზიამდე ტრანსპორტირება არ არის. ამ ნაბიჯამდე მისასვლელად, საჭიროა ნედლეულის მოპოვება, სხვადასხვა კომპონენტის წარმოება, ქარხნებში აწყობა, შეფუთვა, საწყობებში გადატანა და სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირება. ყველა ამ ეტაპს კი ენერგია და რესურსი სჭირდება.

ამიტომ, როდესაც ადამიანი ახალის ნაცვლად კარგ მდგომარეობაში მყოფ მეორად ნივთს ირჩევს, ის უკვე წარმოებული პროდუქტის გამოყენებას აგრძელებს.

რა თქმა უნდა, ერთი მეორეული ტელეფონის ყიდვა გლობალურ წარმოებას ერთ დღეში ვერ შეცვლის, მაგრამ როდესაც ასეთი ქცევა მასობრივი ხდება, პროდუქტების სიცოცხლის ციკლი იზრდება და მოხმარების მოდელიც თანდათან იცვლება.

რაც მთავარია, როდესაც მეორეულ ნივთებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ მეორეული ყოველთვის მხოლოდ ტექნიკა არ არის. იგივე პრინციპი სხვა უამრავ ნივთზეც მუშაობს.

ავეჯი, ველოსიპედი, საბავშვო ნივთები, სპორტული აღჭურვილობა, მუსიკალური ინსტრუმენტები, წიგნები თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, წლების განმავლობაში ინარჩუნებს თავის ფუნქციას.

მეორეული ნივთების გამოყენება ძალიან პოპულარულია ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, აქტუალურია ჩვენთანაც, სადაც mymarket.ge -ს საშუალებით, სხვადასხვა კატეგორიის ასობით მეორეული პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

საბოლოოდ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ზოგჯერ ყველაზე ეკომეგობრული ნივთი ის კი არ არის, რომელიც სპეციალურად „მწვანე“ პროდუქტად შეიქმნა, არამედ ის, რომელიც უკვე არსებობს და კიდევ რამდენიმე წელი შეიძლება სხვამ გამოიყენოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები