
იყო დრო, როცა ჭკვიანი სახლის მოწყობილობები ისეთ ძვირადღირებულ შენაძენთან ასოცირდებოდა, რომელიც უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილს მოგაგონებთ, ვიდრე რეალურ ცხოვრებას. წლების გასვლასთ და ტექნოლოგიის განვითარება-გავრცელებასთან ერთად, ისტორია და აღქმებიც შეიცვალა.
დღეს, ჭკვიანი სახლი მხოლოდ კომფორტს აღარ უტოლდება, არამედ ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ გზად იქცა, რომ ყოველთვიური გადასახადების დაზოგვა დიდმა თუ პატარა ოჯახებმა მარტივად შეძლონ.
როდის იხარჯება ენერგია არაგონივრულად?
ენერგია არაგონივრულად და შეიძლება ითქვას, ფუჭადაც კი იხარჯება, მაგალითად, მაშინ, როცა გათბობა თქვენი სახლიდან გასვლის შემდეგაც მუშაობს, როცა ცარიელ ოთახში შუქი ანთია, როცა მოწყობილობა მთელი დღის განმავლობაში შეერთებულია დენის წყაროსთან და შეუმჩნევლად მოიხმარს ელექტროენერგიას.
ცალ-ცალკე თუ განვიხილავთ, ეს მომენტები უმნიშვნელოდ შეიძლება მოგეჩვენოთ. ერთად კი საკმაოდ თვალშისაცემ ხარჯს წარმოქმნიან.
საქართველოში, სახლების უმეტესობა ჯერ კიდევ ხელით, მექანიკურად მართვაზეა აწყობილი: რაღაც აუცილებლად უნდა ჩართოთ, რაღაც გამორთოთ, თერმოსტატი დაარეგულიროთ, დამტენი გამოაერთოთ… ეს ხდება ყოველდღიურობაში, სადაც ადამიანები ისედაც ზედმეტად გადატვირთულები არიან სამსახურის, თუ პირადი რუტინის გათვალისწინებით და შედეგად, გასაკვირი არ არის, რომ ენერგიის დაზოგვაზე ფიქრი, ადვილად გვავიწყდება.
სწორედ ასეთ შემთხვევებში, ჭკვიანი სახლის სისტემების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი – დაკავშირებული მოწყობილობები (connected devices), სურათს მთლიანად ცვლის.

ჭკვიანი თერმოსტატები
გათბობა და გაგრილება, როგორც წესი, სახლის კომუნალური გადასახადების ძალიან დიდი ნაწილს იკავებს. ამიტომ, თერმოსტატი ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია, საიდანაც დაზოგვაზე ფიქრი შეიძლება დაიწყოს.
ჭკვიანი თერმოსტატი ტემპერატურის უბრალოდ ტელეფონიდან შეცვლას არ ნიშნავს. ის აანალიზებს ადამიანის ჩვევებს, ამჩნევს, როდის ხართ სახლში, როდის გადიხართ, როდის გძინავთ ან როდის ბრუნდებით შინ. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ ცარიელი სახლი საათობით გაათბოს ან გააგრილოს, სისტემა ტემპერატურას ავტომატურად არეგულირებს.
ჭკვიანი განათება
სახლში ელექტროენერგიის განათების სახით გამოყენება ენერგიის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე ხილული ფორმაა და ერთ-ერთი ყველაზე მარტივად სამართავიც.
ჭკვიან განათების სისტემას შეუძლია ავტომატურად გამოირთოს, როცა ოთახში არავინ არის, ბუნებრივი სინათლის მიხედვით აკონტროლოს სიმძლავრე ან იმუშაოს ისეთი გრაფიკით, რომელიც ოჯახის ყოველდღიურ რიტმს ერგება. მაგალითად, დილით განათებამ შეიძლება ნელ-ნელა იმატოს, დღისით, თუ ოთახში საკმარისი მზის შუქია, დაბალ დონეზე დარჩეს, ღამით კი – საჭიროების მიხედვით, გამოირთოს.
ჭკვიანი როზეტები
ზოგჯერ, ენერგიის ყველაზე დიდი დანაკარგის გამომწვევი ყოველთვის აშკარა არ არის. დამტენები, ყავის აპარატები და სხვა ელექტრო მოწყობილობები ენერგიას მაშინაც მოიხმარს, როცა აქტიურად არ ვიყენებთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჭკვიანი როზეტები ამ უხილავი ხარჯის აღმოჩენასა და მართვაში გვეხმარება. მათი საშუალებით, შეგიძლიათ მოწყობილობებს გრაფიკი დაუყენოთ, დისტანციურად გამორთოთ ან ნახოთ, რამდენ ენერგიას მოიხმარს კონკრეტული ტექნიკა. შედეგად, ხედავთ, რომელი მოწყობილობა ზრდის კომუნალურ გადასახადს და უკვე იცით, როგორ დაარეგულიროთ მისი ენერგომოხამრება.
დაკავშირებული ტექნიკა (connected appliances)
თანამედროვე დაკავშირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკაც ცვლის იმას, თუ როგორ მოვიხმართ ენერგიას.
ჭკვიან სარეცხ მანქანას შეუძლია ენერგოეფექტური მუშაობის რეჟიმი შემოგთავაზოს. ჭკვიან ჭურჭლის სარეცხ მანქანას შეუძლია იმუშაოს მაშინ, როცა ენერგიაზე მოთხოვნა დაბალია. ჭკვიან წყლის გამაცხელებელს შეუძლია ოჯახის რუტინას და დატვირთულობას მოერგოს. ელექტრომობილის ჭკვიან დამტენს კი შეუძლია დატენვა ისეთ დროს დაგეგმოს, როცა ელექტროენერგიის მოხმარება ნაკლებად ინტენსიურია.

ჭკვიანი სახლები, როგორც კლიმატზე ზრუნვის ინსტრუმენტი
კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა, ხშირად, მასშტაბურ თემებთან ასოცირდება: მზის ელექტროსადგურებთან, ელექტრომობილებთან, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებასთან, ახალ ინფრასტრუქტურასთან… და მართლაც, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ცვლილები და უკეთესი მომავლისაკენ წინსვლა, თითოეული ადამიანის სახლიდანაც იწყება.
ყოველ ჯერზე, როცა ჭკვიანი თერმოსტატი გათბობის სისტემის არასაჭირო დატვირთულობას ამცირებს, როცა შუქი ავტომატურად ითიშება, როცა ტექნიკა უფრო ეფექტურად მუშაობს, ენერგიაზე მოთხოვნა და შესაბამისად, მისი მოხმარებაც მცირდება. შედეგად კი, ვიღებთ სახლს, რომელიც ადამიანებს ნაკლების გადახდასა და უფრო პასუხისმგებლიან მოხმარებაში ეხმარება.
ყველაზე ჭკვიანი ტექნოლოგია უბრალოდ ცხოვრებას არ ამარტივებს, იგი ყოველდღიურობას უფრო ეფექტურს, გააზრებულს და მდგრადს ხდის. ზედაპირული დაკვირვებით, ერთი სახლი შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ მილიონობით სახლი, რომელიც იმავე პრინციპით მოქმედებს, უკვე მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის.